ზაფხულმა საქართველოს კარიტასში პოზიტიურად და აქტიურად ჩაიარა. 13-21 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს კარიტასის მოხალისეები, წახალისების მიზნით, ლუქსემბურგში იმყოფებოდნენ. მათ მონაწილეობა საზაფხულო გაცვლით პროგრამაში, სახელწოდებით „YOUrovelo2018“ მიიღეს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 32-მა ახალგაზრდამ ველოსიპედებით 190 კილომეტრზე მეტი გაიარეს. ქართველებთან ერთან პროექტში მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდები სამხრეთ ტიროლიდან (იტალია) და ლუქსემბურგიდან, ასევე ლუქსემბურგში მცხოვრები ლტოლვილები.
ყოველი დღე დატვირთული იყო სპორტული აქტივობებით. ახალგაზრდებს ჰქონდათ შანსი პროფესიონალების დახმარებით ესწავლათ კლდეზე ცოცვა, დაუფლებოდნენ მშვილდ-ისრის სროლის ხელოვნებას და სხვა. სპორტული აქტივობების გარდა პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს ბევრი საინტერესო ადგილი. ისინი ესტუმრნენ შენგენის მუზეუმს, ჩაუტარდათ ექსკურსია დედაქალაქ ლუქსემბურგში, დაათვალიერეს ქალაქის მერია, შეხვდნენ და გაესაუბრეს ქალაქის მერს – ქ-ნ ლიდი პოლფერსა და ახალგაზრდული კარიტასის გენერალურ დირექტორს – ქ-ნ კარინა გონსალვესს.
საქართველოს კარიტასის ახალგაზრდები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ მოგზაურობით. მათთვის ეს იყო შანსი გაეცნოთ თანატოლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეზიარებინათ საკუთარი კულტურა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი კი სწორედ ის იყო, რომ წაეხალისებინა ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობა და ამ პროექტის შემდეგ მათ უფრო მეტი შემართებითა და მოტივაციით გაეგრძელებინათ საკუთარი საქმე.
ვალერ ხუციშვილი პროექტის ერთ-ერთი მონაწილეა, რომელიც აგვისტოს ლამაზ დღეებს ღიმილით იხსენებს: „პროექტი ძალიან მომეწონა, შევიძინე ახალი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან, ძალიან საინტერესო იყო ლუქსემბურგის ისტორიის გაცნობა განსაკუთრებით მიწისქვეშა ქალაქის ნახვა, საეთო ჯამში თავის სირთულეებთან ერთად, ჩემთვის პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებად დარჩება.“
პროექტი განხორციელდა ახალგაზრდული კარიტასის ორგანიზებითა და Erasmus + დაფინანსებით. საქართველოს კარიტასი დიდ მადლობას უხდის ახალგაზრდული კარიტასის წევრებს, რომელთა ძალისხმევით ორგანიზაციას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მოხალისეები გაწეული შრომისთვის წაეხალისებინა.
მოხალისეებს ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში და ვიმედოვნებთ, რომ ორგანიზაციას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება, რომ სხვა და აქტიურ წევრებსაც გაწეული შრომა ყოველთვის შესაბამისად დაუფასოს.