სექტემბრის დასაწყისი ყოველთვის საზაფხულო არდადეგების დასრულებასა და სასწავლო, სამუშაო პერიოდის დასაწყისს გვაუწყებს. მოდით თვალი გადავავლოთ თუ რა ხდებოდა, ზაფხულის განმავლობაში, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტას“ -ის პროექტებში.
თბილისის დღის ცენტრი „მზესუმზირები“–ს აღსაზრდელებმა „ბრეივ ქიდს“-ის ფესტივალში მონაწილე უკრაინელ, ბურატინელ და ყაზახ მეგობრებს უმასპინძლეს. ბევრი ახალი რამ გაიგეს, ისწავლეს და მუშტაიდის ბაღში ერთობლივი კონცერტიც ჩაატარეს. მეგობრების გასტუმრების შემდეგ, საზაფხულო არდადეგების დაწყების წინ, ბავშვები ზოოპარკის საჯინიბოს ესტუმრნენ, მათ შესაძლებლობა მიეცათ ეჯირითათ ცხენებზე და მოფერებოდნენ შინაურ ცხოველებს. ხელოვნებით თერაპიის სტუდიის აღსაზრდელები კი, საყვარელ მხატვარს ზაალ სულაკაურს შეხვდნენ. მათ მხატვრობაზე ისაუბრეს და მასტერკლასი ჩაუტარდათ. ასევე, ლოკომოტივის სტადიონზე ქუთაისის ტორპედოს მთელი გულით უგულშემატკივრეს. ამასობაში უფროსებს: მასწავლებლებს და აღმზრდელებს ტრენინგი „რთული ქცევის მართვა“ ჩაუტარდათ.
თბილისისა და რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრების „ჩემი სახლი“ და „თბილი სახლი“ აღსაზრდელებმა საზაფხულო არდადეგები ბათუმში გაატარეს. ხოლო, თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლების: „პირველი სახლი“ და „ათი მნათი“ აღსაზრდელები ზაფხულში ქობულეთში იმყოფებოდნენ. სოფ. მარტყოფში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლის „ჩვენი სახლი“ აღსაზრდელებმა არდადეგებზე კურორტ ბაკურიანში დაისვენეს. ბავშვები საზაფხულო არდადეგების დროს, ჩართულნი იყვნენ სხვდასხვა სპორტულ-გასართობ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში. მათზე მუდმივად ზრუნავდნენ კვალიფიციური აღმზრდელები.
რაც შეეხება ჯამრთელობის დაცვის პროგრამას, 1 ივლისიდან ახალი პროექტი, „ქრონიკული ჭრილობების მართვა“ დაიწყო. პროექტის მიზანია სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ქრონიკულ ჭრილობებთან გამკლავება და ჭრილობების მკურნალობის ამბულატორიის გახსნას ითვალისწინებს.
ასევე, ჯამრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ივლისის ბოლოს მედიის წევრებთან შეხვედრა განხორციელდა, სადაც ჟურნალისტები გაეცნენ პროგრამის საქმიანობას, „შინმოვლის“ პროექტსა და განიხილეს საექთნო განათლებაში არსებულ სიახლეები და გამოწვევები. მედია სემინარის შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობად მიჰყევით ბმულს: https://wp.me/p78PIG-2pj
ზაფხულის განმავლობაში ჩვენი მოხალისეები აქტიურად იყვნენ საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულები. მათ სამცხე-ჯავახეთში, სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყეს და მათ დაუვიწყარი 10 დღე აჩუქეს. ხოლო, აგვისტოს თვეში, წლის განმავლობაში დაუზოგავი შრომისთვის და უანგარო დახმარებისთვის, 8 მოხალისე, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ლუქსემბურგში იმყოფებოდა. რისთვისაც დიდ მადლობას უხდით კარიტას ლუქსემბურგს.
სექტემბრიდან ჩვენი საქველმოქმედო საქმიანობა უფრო გაფართოვდება, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას შევძლებთ. სულ მალე ჩვენგან ბევრ სასიამოვნო სიახლეს გაიგებთ.