საქართველოს კარიტასის ბავშვები, ყოველ ზაფხულს სულმოუთქმენლად ელიან ფესტივალ „Brave Kids-ის“ დაწყებას. არც ეს წელი აღმოჩნდა გამონაკლისი და ყველასთვის საყვარელმა ფესტივალმა კიდევ ერთხელ გაახალისა და გაამხიარულა ახალგაზრდები.
16 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთში საქართველოს კარიტასის 15 აღსაზრდელი იმყოფებოდა, სადაც ბავშვებმა ქართული ეროვნული სიმღერები და საცეკვაო ნომრები წარადგინეს.
ფესტივალი პოლონეთის ქ. ვროცლავში გაიმართა, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ბავშვებმა და ახალგაზრდებმა ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების კულტურა, ნაციონალური ცეკვები და სიმღერები გააცნეს.
ჩვენი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდი 22 ივლისიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს კარიტასმა პირველად უმასპინძლა ფესტივალის კონკურსანტებს მსოფლიოს 3 ქვეყნიდან: უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან. მათთან ერთად იყვნენ გუნდის ლიდერებიც, რომლებიც საქართველოს კარიტასის ბავშვებს ერთი კვირის განმავლობაში ეროვნულ ცეკვებსა და სიმღერებს ასწავლიდნენ და საკუთარ ცოდნას უზიარებდნენ.
ფინალური კონცერტისთვის მოსამზადებლად ახალგაზრდებს სულ რაღაც 1 კვირა ჰქონდათ. ამ პერიოდმა ძალიან სახალისოდ და პოზიტიურად ჩაიარა. ბავშვებმა ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ერთად იმუშავეს სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრების დადგმაზე და 30 ივლისს „Brave Kids-ის“ ფინალურ კონცერტზე ქართველი მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ.
ულამაზესი ნაციონალური კოსტიუმები, ეროვნული ცეკვები და სიმღერები, მომღიმარი და ბედნიერი ბავშვები – ამ ყველაფერმა შესანიშნავი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი მომავალ ზაფხულსაც ტრადიციულად გაიმართება და ბავშვებსა და ახალგაზრდებს ისევ გაუხალისებს ცხოვრებას.
პროექტი განხორციელდა ევროკომისიის კრეატიული ევროპის პროგრამის თანადაფინანსებით.