თითოეული ჩვენგანი საყიდლებზე ყოველდღიურად დადის. გიფიქრიათ ოდესმე, რომ ერთით მეტი პროდუქტის შეძენით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც მათი ყიდვის საშუალება არ აქვს?
დღეიდან შენი დახმარებითა და შემოწირულობის ყუთის მეშვეობით, საქართველოში მშიერი უფრო ნაკლები ადამიანი იქნება.
საქართველოს კარიტასმა ახალი პროექტი სახელწოდებით – „საჭმელი ყოველ დღე“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც დღეს ჰიპერმარკეტ „Goodwill-ში“ ჩვენი მოხალისეების მიერ პირველი აქცია გაიმართა. ამიერიდან შენ შეგიძლია „Goodwill-ში“ საკვები პროდუქტები შეიძინო და „შემოწირულობის ყუთში“ განათავსო. ჩვენ მათ თბილისის ჰუმანიტარულ სასადილოში წავიღებთ და ამ პროდუქტებისგან დამზადებული სადილით საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას გავუმასპინძლდებით.
აქციის პირველმა დღემ ძალიან პოზიტიურად ჩაიარა. კეთილი ადამიანების დახმარებით ბევრი საჭირო პროდუქტი შეგროვდა, რომლითაც სოციალურად დაუცელ ადამიანებს სულ მალე დავაპურებთ.
მომავალში საქართველოს კარიტასი უფრო მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს და ერთიანი ძალებით უფრო მეტ ადამიანს დაეხმარება. დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თუნდაც ერთი პროდუქტი შეიძინა და „შემოწირულობის ყუთში“ განათასა. აგრეთვე, უღრმესი მადლობა ჩვენს გმირ-მოხალისეებს, რომლებიც ძალას არ იშურებენ საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად.
შემოგვიერთდით!
მოდით, ერთად ვიბრძოლოთ შიმშილის წინააღმდეგ!