„თითოეული ჩვენგანი გაოცებული დარჩა იმ უმნიშვნელოვანესი საქმით, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენთვის იმის დანახვა, თუ როგორი ენთუზიაზმითა და გულმოდგინებით მუშაობს საქართველოს კარიტასის გუნდი“. – განაცხადა ბირგიტ ვინტერჰალტერმა, გერმანიის კარიტასის წევრმა.
2018 წლის 21 – 23 ივნისს – საქართველოს კარიტასმა 15 გერმანელს უმასპინძლა, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან ორგანიზაციას საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში. სტუმრებმა მოინახულეს საქველმოქმედო ფონდის პროექტები და ასევე, ჰქონდათ შანსი გასაუბრებოდნენ ბენეფიციარებს.
გერმანელმა სტუმრებმა საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროექტი დაათვალიერეს: მცირე საოჯახო ტიპის სახლები მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, დღის ცენტრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი. აგრეთვე, ჰუმანიტარული უფასო სასადილო და ხანდაზმულთა დღის ცენტრი „ჰარმონია“. ისინი შეხვდნენ და გაიცნეს ორგანიზაციის ბენეფიციარები (ბავშვები, მოხუცები, თანასწორ-განმანათლებლები). „ვიზიტორები საქართველოს კარიტასის საქმიანობით სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ბენეფიციარებთან სახლში სტუმრად მისულიყვნენ, თავად ენახათ მათი მძიმე საცხოვრებელი პირობები, ესაუბრათ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებზე და ასევე გაეგოთ, თუ როგორ ხდებიან ისინი უფრო თავდაჯერებულები და როგორ გამოიმუშავებენ სხვადასხვა უნარს საქართველოს კარიტასის დახმარებით.“ – განაცხადა მანუელ ბენტელერმა, გერმანიის კარიტასის წარმომადგენელმა.
ამ ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორებისთვის გაგვეცნო ის საქველმოქმედო საქმე, რომელიც მათნაირი გულუხვი ადამიანების დახმარებით ხორციელდება.
საქართველოში სტუმრობის დროს, გერმანელმა სტუმრებმა მოინახულეს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა, როგორც თბილისში, ასევე მის გარეთ. მათივე თქმით, ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და მომავალში საქართველოში დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ.
ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სტუმრები საქართველოს კარიტასის საქმიანობას ადგილზე გაეცნენ და იხილეს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის შედეგები. გვინდა დიდი მადლობა გადაუხადოთ გერმანელ დონორებს, გერმანიის კარიტასს და ჩვენს ერთგულ მეგობრებს: ბირჯიტ ვინტერჰალტერისა და მანუელ ბენტელერის, რომლებიც გვერდში უდგანან საქართველოს კარიტასს და ეხმარებიან ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას.