6 ივნისი, 2018 – ბათუმში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართა, სადაც საქართველოს კარიტასს, მოხალისეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა – “ინტელექტი“ მადლობის სიგელი გადასცა.
მოხალისეობის რეგიონული ფორუმის მიზანი, საქართველოში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და მოხალისეობის საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება გახლდათ.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს კარიტასის მოხალისეებმა – ირენე ბალდისარმა, ლიანა ზამბახიძემ და საქართველოს კარიტასის ფონდების მოძიების მენეჯერმა ილია გუჩმანიძემ. მათ საზოგადოებას საქართველოს კარიტასის საქველმოქმედო საქმიანობა გააცნეს და ხაზი გაუსვეს მოხალისეობის განსაკუთრებულ საზოგადოებრივ დანიშნულებას. ასევე, მოუწოდეს ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა სახის მოხალისეობრივ აქტივობებში.
საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ფორუმის დასკვნით ეტაპზე, მოხალისეობის განვითარების გზებისა და პერსპექტივების განხილვის პროცესში, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები, საქართველოში მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშემწყობი მექანიზმების შექმნისა და მათი პრაქტიკული ამოქმედების თვალსაზრისით.
ფორუმი ორგანიზებულია გახლდათ პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE) ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.
საქართველოს კარიტასი უღრმეს მადლობას უხდის ფორუმის ორგანიზატორებს, ასევე ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირს „ინტელექტს“ მიწვევისა და შრომის დაფასებისთვის.