2018 წლის 1 ივნისს, საქართველოს კარიტასმა თბილისის მერიის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით, ზრუნვის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეხვედრა მოაწყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის, გორის, ქუთაისის, ბათუმის და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობები, შინმოვლის მომსახურების მიმწოდებლები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერის გაიოზ ყუბანეიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრის მიზანია, საქართველოს კარიტასის და თბილისის მერიის გამოცდილების გაზიარება შინმოვლის პროექტების დაგეგმარებისა და მართვის სფეროში, რაც რეგიონულ მუნიციპალიტეტებს გაუადვილებს საპილოტე პროექტების განვითარების შესაძლებლობას.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს აღრიცხულია 185000 ადამიანი, რომლებსაც შეზღუდული აქვთ გადადგილებისა და თავისი თავის მოვლის უნარები. ამ ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ კვალიფიცირებული შინმოვლის მოსახურებით. ასეთ პროექტებს ძირითადად აფინანსებენ საზღვარგარეთის დონორები და მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტი იღებს მონაწილეობას მათ თანადაფინასებაში. საქართველოს მთავრობის 2017 წლის # 490 დადგენილებით „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ გათვალისწინებულია მუნიციპალური შინმოვლის პროექტების შემუშავება.
ვინაიდან, რიგ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ასეთი პროექტების მართვის გამოცდილება, საქართველოს კარიტასმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მზაობა ხელი შეუწყოს ამ პროცესის განვითარებას. მნიშვნელოვანია იმ მუნიციპალიტეტების გამოცდილებაც, რომლებიც უკვე წლებია არასამთავრობო სექტორთან შინმოვლის პროექტების თანადაფინანსებასა და მართვაში თანამშრომლობენ. ასეთი პროექტების მენეჯმენტის საინტერესო გამოცდილება აქვს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა მუნიციპალიტეტებს. ამ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის ზრუნვის მუნიციპალური პროექტების განვითარებას მთავრობის 02.11.2017 წლის #490 დადგენილების თანახმად.