მაისის დასაწყისს, თბილისის ქუჩებში წითელი ბურთებით, სანიშნეებზე დაწერილი პირადი ისტორიებითა და ბროშურებით ხელში, ერთად მოსიარულე უცხოელ და ქართველ ახალგაზრდებს შენიშნავდით. ახალგაზრდა მოხალისეები, 7-9 მაისის ჩათვლით თბილისში, „კარიტას ევროპას“ რეგიონულ კონფერენციაზე შეიკრიბნენ, რათა ერთად ემსჯელათ და შეემუშავებინათ გასაჭირში მყოფი ადამინების დახმარების უკეთესი გზები.
კონფერენციის ფარგლებში, დედაქალაქს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის კარიტასის 152 წარმომადგენელი ესტუმრა, რომლებიც სამი დღის განმავლობაში ერთად მუშაობდნენ საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ. მათ აგრეთვე მოინახულეს, საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასის პროექტები, რომლებიც სოციალურად დაუცველ და გასაჭირში მყოფ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფს ეხმარება. კონფერენციის ოფიციალურ გახსნაზე სტუმრებს მიესალმნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და ელჩები.
ინტენსიური სამუშაო დღეების შემდეგ, კარიტასის წევრებმა რეკომენდაციები წარმოადგინეს. 3 ძირითადი რეკომენდაციაა:
- კარიტასის ახალგაზრდა წევრების გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა;
- "ახალგაზრდული კარიტასის" სტრატეგიის განვითარება;
- "ახალგაზრდული კარიტასის" მაღალკვალიფიციური წარმომადგენელი „კარიტას ევროპაში“.
რეგიონული კონფერენციის დროს დაიდო შეთანხმება, რის საფუძველზეც გადაწყდა, რომ გაგრძელდება ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, ჩამოყალიბდება სტრატეგია და გამოიყოფა რესურსები. ამისათვის აუცილებელია ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და მათი პროცესებში ჩართულობა.
საქართველოს კარიტასი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მოხალისეობის განვითარებაზე. ორგანიზაციის დირექტორის, ქ-ნ ანაჰით მხოიანის თქმით, რეგიონულმა კონფერენციამ დიდი გავლენა იქონია საქართველოს კარიტასის მუშაობაზე: „საქართველოს კარიტასი იღბლიანია, რადგან მას ბევრი ახალგაზრდა მოხალისე ჰყავს. ბედნიერები ვართ, რომ „კარიტას ევროპა“ პრიორიტეტს სწორედ ახალგაზრდებს ანიჭებს. როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, ჩვენ პრივილეგირებულები ვიყავით სტუმრებისთვის გაგვეზიარებინა ქართული მრავალფეროვანი კულტურა, რაც კარიტასის ბუნებაზე აისახება.“
რეგიონული კონფერენციის შედეგებისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, საქართველოს კარიტასის საქმიანობაზე დადებითად აისახება, რადგან ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში მოხალისეობის განვითარებაზე და ხელს უწყობს ახალგაზრდების საქველმოქმედო საქმიანობაში ჩართულობას.