21 მარტი – საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ, წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტთან და ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად მოაწყო სიმპოზიუმი თემაზე, “გერიატრიული პაციენტი და ქრონიკული ჭრილობების მენეჯმენტი”. სიმპოზიუმი წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ექსპერტები და ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი საექთნო ფაკულტეტის სტუდენტები, აგრეთვე ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.
სიმპოზიუმის ფარგლებში, მომხსენებლებმა აღნიშნულ თემაზე სხვადასხვა პრეზენტაცია წარადგინეს. პირველი მომხსენებელი წმ. თამარ მეფის უნივერსიტეტის რექტორი, არქიმანდრიტი ადამი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ განათლებას და საბაკალავრო კვალიფიკაციებს შორის განსხვავებაზე და შემდგომი დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრა. აგრეთვე, ხაზი გაუსვა საექთნო განათლების მნიშვნელობას თანამედროვე საქართველოში.ისაუბრა ექთნის და ექთნის ასისტენტის როლის გაცნობიერების მნიშვნელობასა და შემდგომ მის სამართლებრივ-სამედიცინო განსაზღვრებაზე.
საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მენეჯერმა, გაიოზ ყუბანეიშვილმა თავის პრეზენტაციაში ყურადღება გაამახვილა შინმოვლის პროექტის პერსპექტივებზე და ქრონიკული ჭრილობების პრობლემაზე შინმოვლის პაციენტებში. აგრეთვე წარმოადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკა ქრონიკული ჭრილობების შესახებ, რითაც ხაზი გაუსვა აღნიშნული პრობლემის სიმწვავეს.
სიმპოზიუმზე გერმანელმა ექსპერტმა, პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა წარმოადგინა მოხსენება “მულტიდისციპლინარული მიდგომა გერიატრიული პაციენტის მოვლაში.” აგრეთვე გერმანიიდან მოწვეულმა პროფესორებმა ანა კელნერმა და ჰაუკე შუმანმა წარმოადგინეს პრეზენტაცია ქრონიკული ჭრილობების მკურნალობის და მართვის შესახებ. წმ. თამარ მეფის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა გრიგოლ სულაბერიძემ კი ისაუბრა გართულებული ჭრილობების მართვის თავისებურებებზე.
სიმპოზიუმი PAGEL-ის პროგრამის ფარგლებში, გერმანული ფონდი DAAD-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.