2018 წლის 21 თებერვალს, ქ. ახალციხეში საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა სამცხე-ჯავახეთში რეგიონალური კარიტასის შექმნის შესახებ. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო რეგიონალური კარიტასის სტრუქტურის (სამხრეთ საქართველოს) ჩამოყალიბება. კერძოდ: რეგიონალური საბჭოს შექმნა, საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, პროგრამის მენეჯერის შერჩევისა და რეგიონალური ოფისის დაარსების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული ადგილობრივი საკრებულოსა და სამრევლოების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს კარიტასის დირექტორი: ქ-ნ ანაჰით მხოიანი და ოპერაციული მენეჯერი: ქ-ნ ნინო ჭარხალაშვილი.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს და დაამტკიცეს დოკუმენტი: „რეგიონალური კარიტასის სტრუქტურა საქართველოში“. ასევე აირჩიეს რეგიონალური საბჭოს 11 წევრი, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამცხე-ჯავახეთის პროგრამული პროირიტეტების თანხვედრაზე საქართველოს კარიტასის სტრატეგიულ პრიორიტეტებთან.
შეხვედრაზე, ფარული კენჭისყრის შედეგად, რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარედ, ერთი წლის ვადით, აირჩიეს მამა მიხეილ სურმავა. დოკუმენტის -„რეგიონალური კარიტასის სტრუქტურა საქართველოში“ მიხედვით თავმჯდომარის არჩევა მოხდება ყოველწლიურად და იგი პასუხისმგებელი იქნება რეგიონალური საბჭოს შეხვედრების ჩატარებასა და კომუნიკაციის დამყარებაზე სამ მხარეთა შორის: საქართველოს კარიტასი, რეგიონალური საბჭო და რეგიონალური ოფისი.
საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რათა დაეხმაროს ადგილობრივ და რეგიონის ყველაზე მოწყვლად მოსახლობას. ორგანიზაციას სამხრეთ საქართველოს რეგიონში აქვს დღის ცენტრები, რომლებიც მკვიდრი ბავშვების განათლებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველჰყოფენ. ასევე ახორციელებს ჯანდავისა და წყალმომარაგების პროექტებს, რათა იზრუნოს მკვიდრი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ადგილობრივი თემების გაძლიერებაზე. სამხრეთ საქართველოში რეგიონალური კარიტასის სტრუქტურის შექმნა გააუმჯობესებს ორგანიზაციის მუშაობასა და ეფექტურობას.