2018 წლის 16 თებერვალს, გაიმართა საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის წლიური შეხვედრა, რომლის მთავარი მიზანი იყო ორგანიზაციის 2017 წლის საქმიანობის შეჯამება და დამსწრე საზოგადოებისთვის გაცნობა.
წლიური შეხვედრა დაიწყო ახალი პრეზიდენტის, ქორეპისკოპოს ბენი ბეთ იადეგარის წარდგენით და დამფუძნებელი ასამბლეის წევრების სიტყვით გამოსვლით.
„ქველმოქმედების მსახურების გასაძლიერებლად, ღარიბი უნდა მივიჩნიოთ ძმად, გაჭირვებული კი მეგობრად. სხვანაირად, ქველმოქმედება გახდება რთული სამუშაო, სიმბოლური, მძიმე, ზოგჯერ აგრესიული და უპატივცემულო.“- აღნიშნა საქართველოს კარიტასის ახალმა პრეზიდენტმა სიტყვის წარმოთქმის დროს.
საერთო ჯამში, საქართველოს კარიტასისთვის 2017 წელი იყო წარმატებული. „ორგანიზაციის შემოსავალი 25%-ით გაიზარდა, შესაბამისად გაფართოვდა ორგანიზაციის საქმიანობაც. მაგრამ ბიუჯეტის გაზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავმდიდრდით, ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ გაჭირვებულ ადამიანს ვეხმარებით. სწორედ ეს არის ჩვენი წარმატების მთავარი აზრი.“ – განაცხადა საქართველოს კარიტასის დირექტორმა, ქ-ნ. ანაჰით მხოიანმა.
„მინდა ქალბატონ ანაჰითს მადლობა გადაუხადო გაწეული შრომისთვის. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ადამიანი ახალგაზრდობიდან მუშაობს ეკლესიისთვის და ქველმოქმედებისთვის. როგორც საქართველოს კარიტასის ყოფილმა პრეზიდენტმა, მინდა მადლობის სახით გადავცე მას იერუსალიმის ჯვარი, რომლის შუაგულშიც მტრედია გამოსახული. ყველას მოგვეხსენება, რომ მტრედი მშვიდობის სიმბოლოა, ამიტომ მინდა, რომ ეს ჯვარი მშვიდობის სახელით ატარო.“ – დირექტორის პრეზენტაციის შემდეგ, მოულოდნელად განცხადა მონს. რაფაელ მინასიანმა.
ღონისძიებაზე საქართველოს კარიტასის პროგრამების მენეჯერებმა ისაუბრეს თითოეული პროგრამის: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ბავშვებისა და ახლაგაზრდების, განვითარებისა და გადაუდებელი დახმარების, მოხალისეობის, დასავლეთ საქართველოს პროგრამების 2017 წლის მიღწევების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა ორი ახალი პროექტი: წმ. ბარბარეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი ქ. თბილისში, რომელიც მარტოხელა ორსულებს, დედებს და მათ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ეხმარება და ბავშვთა დღის ცენტრი სოფელ ეშტიაში, რომელიც ხელს შეუწყობს მკვიდრი ბავშვების განათლებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
საქართველოს კარიტასის 2017 წლის ანგარიში გაფორმებული იყო თბილისისა და ქუთაისის ბავშვთა დღის ცენტრების, ასევე კათოლიკური ეკლესიის ასირიულ-ქალდეური და სომხური წესის წარმომადგენლების საკონცერტო ნომრებით, რომლებიც ღონისძიებას ახალისებდნენ და ავსებდნენ.
საქართველოს კარიტასის წლიურ შეხვედრას ესწრებოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, პარტნიორები და ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, ბ–ნ ანტონიო ენრიკო ბარტოლის – იტალიის ელჩი საქართველოში და მამა მიჰაიტა ბლაჟი – ვატიკანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.