2018 წლის იანვრიდან, საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასს ახალი პრეზიდენტი ჰყავს: ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარი (კათოლიკური ეკლესიის ასირიულ-ქალდეური წესი). საქართველოს კარიტასის შიდა წესების თანახმად, ორგანიზაციის პრეზიდენტი ორ წელში ერთხელ იცვლება. შესაბამისად, ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარმა ჩაანაცვლა არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი, რომელიც საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი 2016 წლიდან იყო.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება 2018 წლის 16 თებერვალს, ორგანიზაციის წლიური შეხვედრის დროს.
გვაქვს პატივი, რომ წარმოგიდგინოთ ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარის მიმართვა:
ძვირფასო ძმებო და დებო,
ჩვენ ხშირად ვეძებთ რთულ პასუხებს მარტივ და ჩვეულებრივ შეკითხვებზე. ვცდილობთ ვიპოვოთ სიყვარულის, ქველმოქმედების, პატიების, სოლიდარობის … მნიშვნელობა.
მაგრამ ხშირად პასუხი უნდა ვეძებოთ ჩვეულებრივ ქცევებსა და ქმედებებში. რადგან კაცებისთვის და ქალებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ თავიანთი პრობლემების მოგვარებას, მნიშვნელოვანია პასუხი, რომელიც არ არის ფილოსოფიური და რთული გასაგებად.
შესაბამისად, ქველმოქმედება ამ განზოგადოებულ და ეგოისტურ სამომხმარებლო სამყაროს მსხვერპლია და დგას რისკის წინაშე, რომ შემოიფარგლოს ადამინების პატარა ჯგუფით, რომლებმაც შესძლეს გაეფართოვებინათ თავიანთი აზროვნების ჰორიზონტი და ემსახურებიან ღატაკებს.
მაგრამ, რა საჭიროა გავართულოთ ჩვენი უფლის მარტივი მცნებები? ქველმოქმედება არის ადამიანთა პრინციპების უბრალო განსახიერება, რელიგიური საზღვრების მიღმა და თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია განახორციელოს ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჯანსაღი და მშვიდობიანი საზოგადოების შესაქმნელად. სახარებაში ვკითხულობთ, რომ ნეტარია ღარიბი, გაჭირვებული, მიტოვებული. სწორედაც იმიტომ, რომ მას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა.
ქველმოქმედების მსახურების გასაძლიერებლად, ღარიბი უნდა მივიჩნიოთ ძმად, გაჭირვებული კი მეგობრად. სხვანაირად, ქველმოქმედება გახდება რთული სამუშაო, სიმბოლური, მძიმე, ზოგჯერ აგრესიული და უპატივცემულო. ხშირია შემთხვევები, რომ ღარიბი ხდება საფრთხე ჩემი ღირსების, ეთიკის, კომფორტის, სიმდიდრის და სხვა.
ჩვენ გვსურს, რომ გავხდეთ ღატაკთა ძმები და არა მათი დამხმარეები. გვინდა, რომ ვიყოთ მათი მეგობრები და არა ასისტენტები. თუ ღარიბების მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ მათი დახმარებით, როდესაც ამოიწურება რესურსები დახმარებაც დამთავრდება და ღარიბი ისევ ღარიბად დარჩება, მარტო და მიტოვებული. მაგრამ, ჩვენს საზოგადოებაში ყველას გვინდა, რომ შევიძინოთ მეგობარი. ჯანსაღი საზოგადოების ნამდვილი სიამოვნება არის ღარიბთა შორის ძმებისა და მეგობრების აღმოჩენა.
მეგობრობასა და ძმობას არ გააჩნია არც რელიგია და არც ეროვნება. უფალი ხელ-ფეხით ჯვარზეა გაკრული. ახლა ჩვენ ვართ მისი ხელები და ფეხები, სწორედ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი მისი ნაკვალევის გაგრძელებისა ქველმოქმედების გზაზე.
კარიტასის პრეზიდენტი საქართველოში
მონს. ბენი ბეთ იადეგარი