წმიდა მამა ფრანცისკეს გზავნილი
უპოვართა პირველი მსოფლიო დღისათვის
რიგითი ჟამის XXXIII კვირადღე
2017 წლის 19 ნოემბერი
ნუ გვიყვარს სიტყვით, არამედ საქმით
1. «შვილნო, ნუ გვიყვარს სიტყვითა და ენით, არამედ გვიყვარდეს საქმითა და ჭეშმარიტებით» (1იო 3,18). იოანე მოციქულის ეს სიტყვები გამოხატავს ბრძანებას, რომელსაც ვერც ერთი ქრისტიანი ვერ აარიდებს თავს. სერიოზული ტონი, რომლითაც „საყვარელი მოწაფე“ დღესაც გვაწვდის იესოს ბრძანებას, კიდევ უფრო გა-
მოკვეთილი ხდება იმ დაპირისპირებით, რომელსაც ვაწყდებით ხოლმე ჩვენს ბაგეებზე ხშირად გაჟღერებულ ცარიელ სიტყვებსა და კონკრეტულ ფაქტებს შორის, რომლებსაც გვმართებს მივეზომოთ. სიყვარული ვერ გუობს ალიბის: ვისაც განზრახული აქვს შეიყვაროს იესოს დარად, მართებს მიბაძოს მის მაგალითს; უპირველეს ყოვლისა მაშინ, როცა მოხმობილნი ვართ შევიყვაროთ უპოვარნი. მეორე მხრივ, კარგადაა ცნობილი, თუ რაგვარად შეიყვარა ღვთისძემ, და იოანეც შეფარვის გარეშე იხსენებს ამას. ეს სიყვარული ეფუძნება ორ მთავარ სვეტს: ღმერთმა პირველმა შეიყვარა (შდრ 1იო 4,10.19); და შეიყვარა მთლიანად თავისი თავის, თავისი სიცოცხლის გაცემით (შდრ 1იო 3,16). ამგვარი სიყვარული ვერ დარჩება პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ცალმხრივია, ანუ, არ ითხოვს არაფერს სანაცვლოდ, ის იმდენად აღანთებს გულებს, რომ ნებისმიერი გრძნობს პასუხის გაცემის აუცილებლობას, მიუხედავად საკუთარი საზღვრებისა და ცოდვებისა. ეს კი შესაძლებელია, თუკი ღვთის მადლი, მისი გულმოწყალე სიყვარული ჩვენს გულებში ღია კარს პოვებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რათა აღძრას ჩვენი ნებისყოფა და გრძნობებიც, თავად ღმერთისა და მოყვასის შესაყვარად. ამგვარად გულმოწყალება, რომელიც მოედინება, ასე რომ ვთქვათ, სამების გულიდან, აღწევს ჩვენა-მდე და მოძრაობაში მოჰყავს ჩვენი სიცოცხლე და ბადებს თანალმობასა და გულმოწყალების საქმეებს, იმ ძმებისა და დების მიმართ, გასაჭირში რომ იმყოფებიან.
2. «აი, ღატაკმა მოუხმო და უფალმა შეისმინა» (ფს 34,7). ეკლესიას ოდითგანვე აქვს გაცნობიერებული ამგვარი ღაღადის მნიშვნელობა. ამის დიადი მოწმობა მოგვეპოვება მოციქულთა საქმეების პირველივე გვერდებზე, სადაც პეტრე ითხოვს, რომ არჩეულ იქნას შვიდი კაცი, „სულითა და სიბრძნით სავსენი“ (6,3), რათა იკისრონ უპოვართა დახმარების მსახურება. ეჭვგარეშეა, რომ ესაა ერთ-ერთი იმ პირველ ნიშანთაგანი, რომლითაც ქრისტიანული საკრებულო წარდგა მსოფლიოს სცენაზე: ყველაზე ღატაკთა მსახურება. ყოველივე ეს კი მისთვის შესაძლებელი გახდა, რადგან ჩასწვდა, რომ იესოს მოწაფეთა ცხოვრება უნდა გამოხატულიყო ისეთ ძმობასა და თანადგომაში, რომელიც შეესაბამებოდა მოძღვრის მთავარ სწავლებას, მოძღვრისა, რომელმაც უპოვარნი
გამოაცხადა ნეტარებად და ცათა სასუფევლის მემკვიდრეებად. „ქონებას და სარჩო-საბადს ჰყიდდნენ და უნაწი-
ლებდნენ ყველას, საჭიროებისამებრ“ (საქმ 2,45). ეს გამონათქვამი აშკარად გვიჩვენებს პირველი ქრისტიანების ცხოველ საფიქრალს. ლუკა მახარებელი, საღვთო მწერალი, რომელმაც ყველა სხვაზე მეტი ადგილი დაუთმო გულმოწყალებას, არანაირ რიტორიკას არ მიმართავს, როდესაც აღწერს პირველ საკრებულოში არსებულ გაზიარებას. პირიქით, თხრობისას იგი მიმართავს ყოველი თაობის მორწმუნეებს, მაშასადამე ჩვენც, რათა შეგვეწიოს დამოწმებაში და გვიბიძგოს ყველაზე გაჭირვებულთა დასახმარებლად. იგივე მოძღვრებას ვისმენთ, იგივე შემართებით, იაკობ მოციქულისგან, რომელიც თავის წერილში იყენებს ძლიერ და შთამბეჭდავ სიტყვებს:
«ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო, განა ღმერთმა სოფლის ღარიბები არ აირჩია რწმენით მდიდრებად და იმ სასუფევლის მემკვიდრეებად, რომელიც თავის მოყვარულებს აღუთქვა? თქვენ კი დაამცირეთ ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში? […] ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას:“მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე”, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად
მკვდარია» (2,5-6.14-17)
3. თუმცა, ყოფილა მომენტები, როცა ქრისტიანებს ბოლომდე არ დაუგდიათ ყური ამ მოხმობისათვის და
წუთისოფლის მენტალიტეტით მოუწამლავთ თავი. მაგრამ წმიდა სულს არ შეუწყვეტია მათი მოხმობა, მზერა არ მოეცილებინათ არსებითისათვის. მართლაც, მან აღძრა კაცები და ქალები, რომლებმაც სხვადასხვა სახით მიუძღვნეს თავიანთი ცხოვრება უპოვართა მსახურებას. ისტორიის რამდენი ფურცელი დაიწერა ამ ორი ათასი წლის განმავლობაში იმ ქრისტიანთა ხელით, რომლებიც სრული უბრალოებითა და თავმდაბლობით, და ქმედითი სიყვარულის გულუხვი წარმოსახვით ემსახურნენ თავიანთ ყველაზე უპოვარ ძმებს! ყველაში გამოირჩევა ფრანცისკე ასიზელის მაგალითი, რომლის კვალსაც უამრავი წმიდა მამაკაცი და ქალი გაჰყვა საუკუნეთა მანძილზე. იგი არ დაკმაყოფილებულა იმით, რომ გულში ჩაიკრა კეთროვანნი და
მოწყალება გაიღო მათთვის, არამედ გადაწყვიტა წასულიყო გუბიოში, რათა ყოფილიყო მათთან ერთად.
მან თავად დაინახა ამ შეხვედრაში თავისი მოქცევის გადამწვეტი მომენტი: „როდესაც ცოდვებში ვიყავი,
კეთროვანთა დანახვა ძალზე მემწარებოდა ხოლმე, და თავად უფალმა მიმიყვანა მათთან და გულმოწყა-
ლებით მოვეპყარი მათ. დაშორებისას, ის რაც მანამდე მწარე მეჩვენებოდა, გარდაიქმნა ჩემში სულიერ
და ხორციელ სიტკბოებად“ (Test 1-3; FF 110). ეს მოწმობა გვიჩვენებს ქმედითი სიყვარულის გარდამქმნელ
ძალასა და ქრისტიანთა ცხოვრების სტილს. ნუ ვიფიქრებთ ღარიბებზე, როგორც იმათზე, ვისკენაცაა მიმართული კეთილ ჩვევად ქცეული ყოველკვირეული მოხალისეს მსახურება, და მით უმეტეს, კეთილი ნების ჟესტები, რომელიც ხანდისხან მოგვივლის ხოლმე სინდისის დასაწყნარებლად. ამგვარ გამოცდილებებს – მიუხედავად იმისა, რომ ღირებუ ლი და საჭიროა, რათა მრავალი ძმის გასაჭირსა და იმ უსამართლობებზე, მათი მიზეზი რომაა, გავაძლიეროთ ყურადღება – უნდა მივყავდეთ ნამდვილ შეხვედრამდე უპოვართან და შესაძლებელს ხდიდეს გაზიარებას, რათა იქცეს ის ცხოვრების სტილად. მართლაც, ლოცვა, მოწაფეობის გზა და მოქცევა პოვებენ ურთიერთგაზიარებად ქცეულ ქმედით სიყვარულში საზომს იმისა, თუ რამდენად სახარებისეულნი არიან. ამგვარი ცხოვრებიდან კი მომდინარეობს სიხარული და სულის სიმშვიდე, რადგან ხელითაა რომ ვეხებით ამ დროს ქრისტეს ხორცს. თუ გვსურს, ნამდვილად შევხვდეთ ქრისტეს, აუცილებელია
რომ შევეხოთ მის სხეულს ღატაკთა დაწყლულებულ სხეულში, ევქარისტიაში მიღებული საკრამენტული
თანაზიარების პასუხად. ხორცი ქრისტესი, დამტვრეული საღვთო ლიტურგიაზე, თავის თავს გვაპოვნინებს ურთიერთგაზიარებული ქმედითი სიყვარულით ყველაზე უძლური ძმებისა და დების სახეებსა
და პიროვნებებში. მუდამ აქტუალურად ჟღერს წმიდა ეპისკოპოს ოქროპირის სიტყვები: «თუკი გსურთ პატივი მიაგოთ ქრისტეს სხეულს, მაშ, ნუ აიგდებთ მას აბუჩად, როცა ის შიშველია; ნუ მიაგებთ პატივს ევქარისტიულ ქრისტეს აბრეშუმის სამოსში, მაშინ, როცა ტაძრის გარეთ სიცივითა და სიშიშვლით გათანგულ ამავე ქრისტეს უყურადღებოდ ტოვებთ» (ჰომილია მათეს სახარებაზე, 50, 3: PG 58). ამიტომაა, რომ მოხმობილნი ვართ, ხელი გავუწოდოთ ღარიბებს, შევხვდეთ მათ, თვალებში ჩავხედოთ, გულში ჩავიკრათ ისინი, რათა ვაგრძნობინოთ
მათ სიყვარულის სითბო, მარტოობის წრეს რომ არღვევს. მათი ჩვენკენ გამოწვდილი ხელი, მოხმობაცაა, გამოვიდეთ ჩვენი მტკიცე და მოსახერხებელი ციხე-სიმაგრიდან, და ვაღიაროთ ის ღირებულება, რასაც თავის თავად წარმოადგენს სიღარიბე.
4. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქრისტეს მოწაფეთათვის სიღარიბე პირველ რიგში ნიშნავს მოწოდებას, გავყვეთ ღარიბ ქრისტეს. ესაა მის კვალში სიარული, მის გვერდით სიარული, გზა, რომელსაც მივყავართ ცათა სასუფევლის ნეტარებამდე (შდრ მთ 5,3; ლკ 6,20). სიღარიბე ნიშნავს თავმდაბალ გულს, რომელსაც ძალუძს საკუთარი შეზღუდული და ცოდვილი ქმნილების მდგომარეობის მიღება, რათა დაძლიოს ყოვლისშემძლეობის ცდუნება, რომელიც გვატყუებს, უკვდავნი ხართო. სიღარიბე გულის განწყობაა, რომელიც არ გვიშვებს, ვიფიქროთ ფულზე, კარიერაზე, ფუფუნებაზე, როგორც ცხოვრების მიზანზე, ბედნიერების პირობაზე. სიღარიბეა, რომ ქმნის პირობებს იმისათვის, რომ თავისუფლად ვიკისროთ პირადი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები, საკუთარი საზღვრების მიუხედავად, ღმერთის სიახლოვეში დაიმედებულებმა და მის მადლზე დაყრდნობით. ამგვარად გაგებული სიღარიბე ის საზომია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ, რამდენად სწორად ვიყენებთ მატერიალურ სიკეთეებს, და ასევე ვიცხოვროთ არა თავკერძობითა და დაუფლებით კავშირები და ურთიერთობები (შდრ კათოლიკე ეკლესიის კატექიზმო, 25-45). ამიტომ, გავითავისოთ, წმიდა ფრანცისკეს, ნამდვილი სიღარიბის მოწმის მაგალითი. მან, სწორედ იმიტომ, რომ თვალს არ აცილებდა ქრისტეს, შეძლო მისი ამოცნობა და მისდამი მსახურება ღარიბებში. და თუკი გვწადია შევიტანოთ ჩვენი ქმედითი წვლილი ისტორიის შეცვლაში, საამისოდ ნამდვილი განვითარების გაჩენით, აუცილებელია ყური მივუგდოთ ღარიბთა ღაღადს და ძალისხმევა ვყოთ გარიყულობის მდგომარეობიდან მათ წამოსაყენებლად. ამავე დროს, უპოვართ, რომელნიც ცხოვრობენ ჩვენს ქალაქებსა და ჩვენს საკრებულოებში შევახსენებ, რომ არ დაკარგონ სახარებისეული სიღარიბის შეგრძნება, რომელიც მათ ცხოვრებაშია ამოტვიფრული.
5. ვუწყით, რაოდენ დიდი სირთულე ახლავს თანამედროვე მსოფლიოში სიღარიბის ნათლად ამოცნობას. არადა, ის მოგვმართავს ყოველდღიურად თავისი ათასი სახით, რომლებზეც აღბეჭდილია ტკივილი, გარიყულობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობა, წამება და საპყრობილე, ომი, თავისუფლებისა და ღირსების აღკვეთა, უმეცრება და წერა-კითხვის უცოდინრობა, ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა და უმუშევრობა, ადამიანებით ვაჭრობა და მონობა, დევნილობა და სიღატაკე, ძალადობრივი მიგრაცია. სიღარიბეს იმ ქალთა,
მამაკაცთა და ბავშვთა სახე აქვს, რომლებიც ექსპლუატირებულნი არიან მდაბალი ანგარებისათვის,
გათელილნი ძალაუფლებისა და ფულის გარყვნილი ლოგიკით. რა ულმობელი და მუდამ არასრული სია
გვაქვს ხოლმე შესადგენი იმ სიღარიბის წინაშე, რომელიცაა საზოგადოებრივი უსამართლობების, ზნეო-
ბრივი სიღატაკის, მცირეთა სიხარბისა და განზოგადებული გულგრილობის ნაყოფი! დღეს, სამწუხაროდ, ვიდრე სულ უფრო თავს იჩენს უსირცხვილო სიმდიდრე, რომელიც თავს იყრის მცირერიცხოვან დაწინაურებულთა ხელში და რომელსაც ხშირად თანა სდევს კანონდარღვევები და ადამიანური ღირსების შეურაცხმყოფელი გამოყენება, სამარცხვინოდ ვრცელდება სიღარიბე მთელი მსოფლიოს საზოგადოების ფართე სექტორებში. ამ სურათის წინაშე, ვერ დავრჩებით უმოქმედონი, და მით უმეტეს ვერ შევეგუებით მას. სიღარიბეს, რომელიც მრავალ ახალგაზრდაში თრგუნავს ინიციატივის სულისკვეთებას და უშლის მათ ხელს სამუშაოს პოვნაში; სიღარიბეს, რომელიც ხალხში აქრობს პასუხისმგებლობის შეგრძნებას, რის გამოც ისინი ამჯობინებენ სხვებს
გადააბარონ ეს პასუხისმგებლობა და ფავორიტიზმის გზას დაადგნენ; სიღარიბეს, რომელიც სწამლავს თა-
ნამონაწილეობის ჭებს და ავიწროებს პროფესიონალურობის სივრცეებს და ამგვარად ამცირებს იმის და-
მსახურებას, ვინც მუშაობს და აწარმოებს; ყოველივე ამას უნდა ვუპასუხოთ სიცოცხლესა და საზოგადოება-
ზე ახალი ხედვით. ყველა ეს უპოვარნი – როგორც ხშირად იმეორებდა ნეტარი პავლე VI – ეკუთვნიან ეკლესიას „სახარებისეული უფლებით“ (ვატიკანის მეორე მსოფლიო კრების მეორე სესიის გახსნის სიტყვა, 1963 წლის 29
სექტემბერი) და გვავალდებულებენ, მათთვის გავაკეთოთ ძირეული არჩევანი. ამიტომაა კურთხეული ის ხელები, რომლებიც იხსნება უპოვართა მისაღებად და დასახმარებლად: იმედის მომტანი ხელებია ისინი. კურთხეულია ხელები, რომლებიც დაძლევენ ყოველ კულტურულ, რელიგიურ და ეროვნულ ბარიერს და
ნუგეშის ზეთსა სცხებს კაცობრიობის იარებს. კურთხეულია ის ხელები, რომლებიც იხსნება სანაცვლოდ რა-
იმეს თხოვნის გარეშე, და რომელთაგან ვერ მოისმენ ვერც „თუ“-ს, ვერც „მაგრამ“-სა და ვერც „ალბათ“-ს:
ამ ხელებს ღვთის კურთხევა მოაქვთ ძმებზე.
6. გულმოწყალების იუბილის დასასრულ ვინებე ეკლესიისათვის შემეთავაზებინა უპოვართა მსოფლიო
დღე, რათა მთელ მსოფლიოში ქრისტიანული საკრებულოები სულ უფრო მეტად და უკეთ გახდნენ უკანას-
კნელთა და ყველაზე შეჭირვებულთა მიმართ ქრისტეს სიყვარულის ხელშესახებ ნიშნებად. ჩემს წინამო-
რბედთა მიერ დაწესებულ სხვა მსოფლიო დღეებს, რომლებიც უკვე ტრადიციად იქცნენ ჩვენი საკრებუ-
ლოების ცხოვრებაში, მწადია დაემატოს ეს, რომელიც მათ მთლიანობას შემატებს გამოკვეთილად სახარე-
ბისეული სისრულის ელემენტს, ანუ, იესოს განსაკუთრებულ სიყვარულს უპოვართა მიმართ.
მოვუხმობ სრულიად ეკლესიას და კეთილი ნების მამაკაცებსა და ქალებს, ამ დღეს მზერა არ მოაცილონ
მათ, ვისაც ხელები გამოუწვდია დახმარების ღაღადით და ითხოვს ჩვენს თანადგომას. ჩვენი ძმანი და
დანი არიან, რომელნიც შექმნა და შეიყვარა ერთმა ზეციერმა მამამ. ამ დღის მიზანია, პირველ რიგში,
ბიძგი მისცეს მორწმუნეებს, რეაგირება მოახდინონ თავიდან მოშორებისა და ფლანგვის კულტურაზე,
და გაითავისონ შეხვედრის კულტურა. ამავე დროს მოხმობა მიმართულია ყველას მიმართ, მიუხედავად
მათი რელიგიური კუთვნილებისა, რათა გაეხსნან ღარიბებთან ურთიერთგაზიარებას თანადგომის
ყოველგვარი ფორმით, ძმობის ხელშესახებ ნიშნად. ღმერთმა ყველასათვის შექმნა ცა და მიწა; ადამიანმაა რომ, სამწუხაროდ, აღმართა საზღვრები, კედლები და ღობეები, რითაც უღალატა იმ პირვანდელ ნიჭს, რომელიც ვინმეს გამორიცხვის გარეშე იყო განკუთვნილი კაცობრიობისათვის.
7. მწადია, რომ ქრისტიანულმა საკრებულოებმა, უპოვართა მსოფლიო დღის წინა კვირის განმავლობაში,
რომელიც წელს მოდის 19 ნოემბერს, რიგითი ჟამის XXXIII კვირადღეს, ძალისხმევაჰყონ და შექმნან შეხვედრისა და მეგობრობის, თანადგომისა და ხელშესახები დახმარების მრავალი მომენტი. ამის შემდეგ შეეძლებათ, დაპატიჟონ უპოვარნი და მოხალისენი, ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ კვირადღის ევქარისტიაში, რათა კიდევ უფრო ნამდვილი გამოჩნდეს სამყაროს მეუფის, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდდღესასაწაულის ზეიმი, შემდგომი კვირადღე. ქრისტეს მეფობა, მართლაც, თავს იჩენს მთელი თავისი მნიშვნელობით სწორედაც რომ გოლგოთაზე, როდესაც ჯვარს მილურსმული უდანაშაულო, ღარიბი, შიშველი და ყველაფრისგან განძარცვული, განასახიერებს და გვიცხადებს ღმერთის სიყვარულის სისავსეს. მამისადმი მისი სრული მიძღვნა ერთდროულად ავლენს მის სრულ სიღარიბეს და ააშკარავებს ამ სიყვარულის ძალას, რომელიც აღადგენს მას ახალი სიცოცხლისათვის პასექის დღეს. ამ კვირადღეს, თუკი ჩვენს უბანში ცხოვრობენ უპოვარნი, რომლებიც ეძებენ დაცვასა და დახმარებას,მივუახლოვდეთ მათ: სასურველი მომენტი იქნება იმ ღმერთთან შესახვედრად, რომელსაც ვეძებთ. წმიდა წერილების მოძღვრების თანახმად (შდრ დაბ 18,3-5; ებრ 13,2), მივიღოთ ისინი როგორც პრივილეგირებული სტუმრები ჩვენს სუფრაზე; შეეძლებათ იქცნენ მოძღვრებად, რომლებიც დაგვეხმარებიან უფრო თანმიმდევრულად ვიცხოვროთ ჩვენი რწმენით. თავიანთი ნდობითა და დახმარების მიღების მზადყოფნით, ისინი გვიჩვენებენ ფხიზელი და ხშირად სიხარულით სავსე სახითაც, რაოდენ გადამწყვეტია, ვიცხოვროთ არსებითით და მივენდოთ მამის განგებას.
8. იმ მრავალ კონკრეტულ წამოწყებას, რომელთა განხორციელებაც შეგვიძლია ამ დღეს, საფუძვლად დაე მუდამ ლოცვა ედოს. ნუ დაგვავიწყდება, რომ მამაო ჩვენო ღარიბთა ლოცვაა. პურის თხოვნა ხომ გამოხატავს ღმერთზე მინდობას ჩვენი ცხოვრების პირველად საჭიროებებში. ის რაც იესომ გვასწავლა ამ ლოცვით, გამოხატავს და თავს უყრის იმათ ღაღადს, ვინც იტანჯება არსებობის არასაიმედოობითა და აუცილებლის ნაკლებობით. მოწაფეებს, რომლებმაც სთხოვეს იესოს, ესწავლებინა მათთვის ლოცვა, მან უპასუხა უპოვართა სიტყვებით, ერთ მამას რომ მიმართავენ, რომელშიც ყველანი ერთმანეთს ძმებად ხედავენ. ლოცვა მამაო ჩვენო მრავლობითში
საუბრობს: პური, რომელსაც ვითხოვთ, „ჩვენია“, ეს კი ნიშნავს ურთიერთგაზიარებას, მონაწილეობასა და საერთო პასუხისმგებლობას. ამ ლოცვაში ყველანი ვაღიარებთ თავკერძობის ყოველი ფორმის დაძლევის აუცილებლობას, რათა მიგვესვლებოდეს ორმხრივი მიღების სიხარულთან.
9. ვთხოვ თანამოძმე ეპისკოპოსებს, მღვდლებს, დიაკვნებს – რომლებსაც მოწოდებითა აქვთ დაკისრებული უპოვართა დახმარების მისია –, ღვთივშეწირულებს, ასოციაციებს, მოძრაობებს და მოხალისეობის ფართო სპექტრს, ძალისხმევა ჰყონ, რათა ეს უპოვართა მსოფლიო დღე იქცეს ტრადიციად და თავისი კონკრეტული წვლილი შეიტანოს თანამედროვე მსოფლიოს ევანგელიზებაში. ეს ახალი მსოფლიო დღე, დაე იქცეს ძლიერ მიმართვად ჩვენი მორწმუნე სინდისისათვის, რათა სულ უფრო მეტად დავრწმუნდეთ, რომ ღარიბებთან გა-
ზიარება საშუალებას მოგვცემს ჩავწვდეთ სახარების ყველაზე ღრმა ჭეშმარიტებას. უპოვარნი პრობლემა
როდი არიან: ისინი რესურსია, რომელსაც უნდა დავეწაფოთ, რათა სახარების არსი შემოვიდეს ჩვენში
და ხორცი შევასხათ მას.
ვატიკანიდან, 13 ივნისი 2017
წმ. ანტონ პადუელის მოხსენიება
ფრანცისკე
გამოყენებული რესურსი: https://w2.vatican.va/content/francesco/en/messages/poveri/documents/papa-francesco_20170613_messaggio-i-giornatamondiale-poveri-2017.html