2017 წლის 31 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სოფელ ეშტიაში საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ოფიციალურად გახსნის ცენტრს, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება. ორგანიზაციის მისია არის საქართველოში მცხოვრები მოწყვლადი ადამიანების დახმარება და ქველმოქმედების, სამართლიანობის, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებითა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემით.
საქართველოს კარიტასის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილება და მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. ასევე, ორგანიზაცია მიზნად ისახავს, საქართველოში ბავშვთა მოვლის სისტემის გაუმჯობესებას.
სოფელ ეშტიის დღის ცენტრის მთავარი მიზანია, შეიქმნას საგანმანათლებლო გარემო ადგილობრივი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ცენტრში ბავშვები შეისწავლიან ქართულ და უცხო ენებს, ჩართულები იქნებიან ცეკვის, სიმღერის, ხელოვნებისა და კომპიუტერის წრეებში.
სოფელ ეშტიაში, ბავშვებისა და ახალგაზრდების ცენტრი იფუნქციონირებს „კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციის“ (CNEWA) დაფინანსებითა და მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრებიან „კათოლიკური ახლო აღმოსავლეთის კეთილდღეობის ასოციაციის“ (CNEWA) წარმომადგენელი, ბ-ნ. მაიკლ ლა ჩივიტა; საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი, არქიეპისკოპოსი რაფაელ მინასიანი; დირექტორი ქ-ნ. ანაჰით მხოიანი და ბავშვებისა და ახალგაზრდების პროგრამის მენეჯერი ქ-ნ. ნანა კუხალაშვილი. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულნი არიან ადგილობრივი უწყებების წარმომადგენლები, რელიგიური პირები და გაეროს ბავშვთა ფონდის წევრები.