2017 წლის 28 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერმა – ბ-ნ გაიოზ ყუბანეიშვილმა, პროექტის მართვის მრჩეველმა – ბ-ნ მანუელ ბენტელერმა და კომუნიკაციისა და ფონდების მოძიების მენეჯერმა – ქ-ნ ნინო ღამბაშიძემ მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, კერძოდ ქ. ბონში, გამართულ სემინარში: „ადვოკატირება – მიეცი ხალხს ხმა“ და აგრეთვე შეხვდნენ კარიტას გერმანიის წარმომადგენლებს.
სემინარის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეებმა და ორგანიზაციებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება, ადვოკატირების ეფექტური მეთოდები გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ სემინარი გაიმართა ორგანიზაცია „აგიჰა“-ს (AGEH – Association for Development Cooperation) ორგანიზებით.
საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებს, დოქტ. სუზან რეინერთან (პროექტის ოფიცერი ლათინურ ამერიკასა და ევროპის დეპარტამენტში) და სომხეთის კარიტასის წარმომადგენლებთან ერთად, ჰქონდათ პატივი, რომ შეხვედროდნენ კარიტას ბონის აღმასრულებელ დირექტორს – ბ-ნ ჯან-პიერ შედერს, კათოლიკური ეპისკოპოსების კონფერენციის პრესსპიკერს – ბ-ნ მატიას კოფს, „აგიჰას“ საერთაშორისო პერსონალის თანამშრომლობის ოფიცერს – ქ-ნ მირიამ ლიის, კარიტას რეინ-ერფტის რაიონის აღმასრულებელ დირექტორს – ბ-ნ. პიტერ ალტმაიერს, ხანდაზმულთა ზრუნვის კოლეჯის უფროსს – ქ-ნ მენზელ-კოლენბერგის და ხანდაზმულთა ზრუნვის კოლეჯის ადმინისტრატორს – ბ-ნ გერეონ პიკს.
კარიტას ბონში ვიზიტის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაეთვალიერებინათ ერთ-ერთი სოციალური საწარმო და ბ-ნ ჯან-პიერ შედერის საინტერესო პრეზენტაციის მეშვეობით ორგანიზაციის საქმიანობას გაცნობოდნენ. მან პრეზენტაციის დროს აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადვოკატირება მათი სამუშაოსთვის: „ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ხალხის ადვოკატები, ვისაც კომუნიკაციის საშუალება არ აქვს.”
პირველ სექტემბერს მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა რეინ-ერფტის რაიონის ექნების საგანმანათლებლო ცენტრში (კოლეჯში), რომელიც ატრენინგებს სპეციალისტებს ხანდაზმულთა ზრუნვის სისტემისთვის. ბ-ნ პიტერ ალტმაიერმა და ქ-ნ მენზელ-კოლენბერგმა ისაუბრეს გერმანიაში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამასა და დუალური განათლების მეთოდებზე.
დიდი მადლობა „აგიჰა“-ს და კარიტას გერმანიას ვიზიტის ორგანიზებისთვის. აღნიშნული ტრენინგი და გერმანიის კარიტასების საქმიანობის გაცნობა დაგვეხმარება საქართველოს კარიტასის სტრუქტურების შექმნასა და გაუმჯობესებაში.