საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში ახორციელებს პროექტს „მობილური სამედიცინო ჯგუფი“. პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მოსახლეობისათვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, კერძოდ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენციული ღონისძიებების გატარება, ძვირად ღირებული მკურნალობისა და არსებული ქრონიკული დაავადებების გართულებების თავიდან ასარიდებლად. მობილური დიაგნოსტიკური აღჭურვილობა კი საშუალებას აძლევს მობილურ ჯგუფს განახორციელოს აუცილებელი გამოკვლევები ადგილზე.
ერთ-ერთი ასეთი ვიზიტი განხორციელდა 2016 წლის 22 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ არალში. დღის განმავლობაში, სამედიცინო ჯგუფის სპეციალისტებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, ოჯახის ექიმი და ექთანი, სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები ჩაუტარეს სოფელ არალის 67 მცხოვრებს.