3 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სოციალური პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
სოციალური პროექტი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო კომპონენტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა მეორე კურსის სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობის, ემპათიის, ეფექტური კომუნიკაციისა და პროფესიული ღირებულებების განვითარებას. პროექტის ფარგლებში სტუდენტები რამდენიმე თვის განმავლობაში თანამშრომლობდნენ სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, მათ შორის, საქართველოს კარიტასთან. ისინი მოხალისეობრივად იყვნენ ჩართულები საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრის - "მზესუმზირებისა" და ხანდაზმულთა დღის ცენტრის - "ჰარმონიას" პროექტებში.
შემაჯამებელ კონფერენციაზე ამერიკული პროგრამის სტუდენტებმა ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციების ფორმატში წარადგინეს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება, გაუზიარეს აუდიტორიას საკუთარი დაკვირვებები და ისაუბრეს იმ პროფესიულ და პიროვნულ უნარებზე, რომლებიც სოციალური პროექტის განმავლობაში განივითარეს.
საქართველოს კარიტასის სახელით, წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორს, ასოცირებულ პროფესორს, ქალბატონ ეკა ეკალაძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას. ასევე, მადლობას ვუხდით ჩვენ პროექტებში ჩართულ თითოეულ სტუდენტს და ვუსურვებთ წარმატებებს.