არსებობს მელოდიები, რომლებიც სცენამდე ვერასდროს აღწევენ. ამის მიზეზი კი ხშირად არა შემსრულებლის ნიჭი, არამედ შფოთვაა, რომელიც მუსიკაზე ხმამაღლა ჟღერს.
ჩვენი დღის ცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარისთვის, რომელსაც აუტიზმის სპექტრის დიაგნოზი აქვს, სცენაზე დაკვრა ასეთი გადაულახავი ბარიერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მას ინსტრუმენტებზე დაკვრის განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა - მისი შფოთვა არ აძლევდა საშუალებას, რომ ეს სცენაზე, ხალხის წინ გაეკეთებინა. სცენისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს პანიკა მოჰყვებოდა და ინსტრუმენტთან მისვლამდე, ისევ კულისებში გარბოდა.
დღის ცენტრის თანამშრომლები მიხვდნენ, რომ ამ კედელს მხოლოდ მხარდამჭერი სიტყვებით ვერ დაანგრევდნენ. მას სცენაზე გასასვლელად სჭირდებოდა უსაფრთხო გარემო, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობდა. ამიტომ, გუნდმა მისთვის იმიტირებული კონცერტის მოწყობა გადაწყვიტა. "საგანგებოდ დავბეჭდეთ ბილეთები, დავურიგეთ მასწავლებლებს, სხვა ბენეფიციარებს და მოვაწყეთ სცენაც" - იხსენებს თანამშრომელი.
ბენეფიციარი სცენაზე ავიდა - ყველა სუნთქვაშეკრული ელოდებოდა წამს, რომ მას შიში კვლავ შემოუტევდა და უკან გააქცევდა - მაგრამ არა! ის დარჩა და დარბაზი გამარჯვების მუსიკით აავსო!