ადამიანების უანგაროდ დახმარება - სუპერძალა, რომელიც დღეს ყველაზე მეტადაა დასაფასებელი.
საქართველოს კარიტასის მოხალისე იხსენებს:
,,ეს ისტორია მოხდა ჩემი ცხოვრების რთულ პერიოდში, მან ჩემში მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელების სურვილი გააღვიძა. კარიტასის მოხალისეების ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დასრულებისას ჩვენ დაგვრჩა საჭმელი, უბრალო ბუტერბროდები და ტკბილეული. მოხალისეებმა გადავწყვიტეთ ეს საჭმელი ქუჩაში მცხოვრებებისთვის დაგვერიგებინა.
ჩავედით მეტროში. კიბებებზე დედა-შვილი ისხდნენ. მე მივედი მათთან და მივაწოდე პატარა ცელოფნის ჩანთა საკვებით. იმ მომენტში სულ პატარა, 3-4 წლის ბავშვს თვალები გაუბრწყინდა. მის თვალებში სიყვარულის და იმედის ნაპერწკალი დავინახე. სულ რამდენიმე წამის განმავლობაში ვუყურებდი იმ ბავშვს. გარშემო მყოფმა ხალხმა კი საერთოდ ვერაფერი შეამჩნია.
სულ ერთი ბუტერბროდით ადამიანის გახარებამ მე ისეთი გრძნობით ამავსო, რომლის სიტყვებით გადმოცემა დღესაც არ შემიძლია. ამ შემთხვევის მერე გადავწყვიტე გამეგრძელებინა მოხალისეობრივი საქმიანობა, გამეგრძელებინა უსასრულოდ“.
უანგარო სიყვარული და ზრუნვა - სწორედ ესაა, რაც გვაძლევს ხვალინდელი დღის იმედს.