,,ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო და პარტნიორებო,
დიდი პატივია და პასუხისმგებლობა ჩემთვის, რომ დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე კარიტასის დირექტორის რანგში. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ გზაზე ნდობა გამომიცხადა და მხარში დამიდგა.
მინდა გაგიზიაროთ, რომ კარიტასი ჩემთვის უცხო არ არის — 10 წელი ვიყავი ბორდის წევრი და ამ პერიოდში საკუთარი თვალით ვნახე, რამდენი სიკეთე კეთდება ყოველდღიურად. ეს გამოცდილება მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, რომ დირექტორის რანგში მაქსიმალურად ერთგულად ვემსახურო ჩვენს საერთო საქმეს.
კარიტასი ჩემთვის მხოლოდ ორგანიზაცია არ არის — ეს არის სიყვარული ქმედებაში, სოლიდარობა ადამიანებთან და მსახურება მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ჩვენი მისია ყოველთვის იყო და იქნება ადამიანური ღირსების დაცვა, თანაგრძნობა და დახმარება ყოველგვარი განსხვავების გარეშე.
მჯერა, რომ ერთად, ერთიანი ძალებით, პროფესიონალიზმითა და გულწრფელი ზრუნვით შევძლებთ კარიტასის საქმიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას, ახალი ინიციატივების განხორციელებას და იმ ადამიანებისთვის იმედის მიცემას, ვინც დღეს რთულ ვითარებაშია.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველდღიური შრომისთვის, ერთგულებისთვის და იმ სიკეთისთვის, რასაც აკეთებთ. ვიმედოვნებ, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი, გამჭვირვალე და ადამიანებზე ორიენტირებული.
ღმერთმა დაგვლოცოს ჩვენს საერთო საქმეში".
გიორგი მეხატიშვილი, საქართველოს კარიტასის აღმასრულებელი დირექტორი