გიორგი და მისი უმცროსი და მარიამი საქართველოს კარიტასის ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლში გაიზრდნენ. საქართველოს კარიტასის ინიციატივის ფარგლებში მარიამისა და გიორგისათვის შეგროვდა 37 216 ლარი, რომელიც მათ გადაეცემათ, რათა საბოლოოდ აისრულონ ბავშვობის ნანატრი ოცნება - სახლი.
,,6 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს ძმასთან ერთად კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლში მივედი საცხოვრებლად. სწორედ კარიტასში მივიღეთ ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა - ოჯახი. აქ ვისწავლეთ, თანადგომა, შრომა, დისციპლინა და ის, რომ სირთულე არ არის დაბრკოლება როცა მიზანი გაქვს.
კარიტასში გაზრდის პარალელურად ვსწავლობდით ხელობას, ვვითარდებოდით როგორც ბავშვები და ადამიანები. ნელ-ნელა დავისახეთ მიზნები: გვინდოდა განათლება, პროფესია და დამოუკიდებელი ცხოვრება. წარმატებით დავასრულეთ 12 კლასი და ორივემ მოვახერხეთ უნივერსიტეტში ჩაბარება. მაშინ პირველად ვიგრძენი, რომ ჩვენივე მომავალი უკვე ჩვენს ხელში იყო”.
დღეს გიორგი და მარიამი რეალიზებული, დამოუკიდებელი ადამიანები არიან, ორივემ აირჩია საკუთარი პროფესია და ყოველდღურად დაუღალავად შრომობენ ნათელი მომავლისათვის.
“ჯერ კიდევ ბევრი მწვერვალი მაქვს დასაპყრობი. მაქვს დიდი გეგმები, რომლისთვისაც ყოველდღე ვსწავლობ, ვვითარდები და საკუთარ შესაძლებლობებს უფრო მეტად ვაფართოვებ. და როცა ოდესმე უკან მომიწევს გამოხედვა, უნდა შემეძლოს ვთქვა:
მე ეს შევძელი”.