გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის საფუძველზე 1990 წელს დაწესდა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე. მოსახლეობის დაბერება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის 65 წელს გადაცილებული ადამიანების რაოდენობა გაორმაგდება და დაახლოებით 1.6 მილიარდს მიაღწევს მსოფლიოში. საქართველოში კი ამ ასაკობრივი ჯგუფის წილი მოსახლეობის დაახლოებით 25%-ს შეადგენს.
სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა მჭიდრო კავშირშია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასთან, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების ამაღლებასთან, განათლების დონის ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებასთან. ამ პროცესების ფონზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ხანდაზმულთა მზარდი საჭიროებები, რაც მოითხოვს ინტეგრირებულ ზრუნვის სისტემას. ასეთმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ხანდაზმულთა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეაბა, რაც ხელს უწყობს მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ორგანიზაცია ატარებს ღონისძიებებს, რათა ბენეფიციარებს ჰქონდეთ ღირსეული, ჯანმრთელი და აქტიური სიბერე.
2025 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ მოაწყო დღის ცენტრ ჰარმონიის ბენეფიციარების სამედიცინო გამოკვლევა, ბენეფიციარებს მიეცათ საშუალება მიეღოთ თერაპევტის და ქირურგის კონსულტაციები, რეკომენდაციები ჯანსაღი დაბერების შესახებ და შესაბამისი ბეჭვდითი მასალები.
საქართველოს კარიტასი კიდევ ერთხელ გილოცავთ ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს და მადლობას უხდის ყველა პირს, ვინც აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში.