3 ოქტომბერს, ქალაქ გარდაბანში საქართველოს კარიტასმა პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი “კეთილი სამარიტელი“ გახსნა.
ცენტრი მიზნად ისახავს ხარისხიანი პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევას.
გახსნით ღონისძიებას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მისი მოადგილე დუნიამალ გაჯიევი, ვატიკანის ელჩი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოს კარიტასის პრეზიდენტი ქორეპისკოპოსი ბენი ბეთ იადეგარი და ორგანიზაციის დირექტორი ქალბატონი ანაჰით მხოიანი.
„ჩემთვის დიდი პატივია დავესწრო პიველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის გახსნას. ცენტრი „კეთილი სამარიტელის“ სახელს ატარებს და ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მსგავსი ტიპის სერვისი. ვიმედოვნებ, რომ დღეიდან გარდაბნის მოსახლეობა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას მიიღებს“ – განაცხადა ვატიკანის ელჩმა, ჟოზე აველინო ბეტანკურმა.
ახალი პროექტის დაწყების ინიციატივა ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარსა და საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის პრეზიდენტს ქორეპისკოპოს ბენი ბეთ იადეგარს ეკუთვნის. ორგანიზაციის დირექტორმა თავის მისასამლებელ სიტყვაში დიდი მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და მთლიანად ასირიურლ თემს ახალი ინიციატივისთვის: „ეს არის საქართველოს კარიტასის პირველი სამედიცინო პროექტი ამ რეგიონში, რომლის განხორციელებაც ასირიული თემის აქტიურობით მოხდა. დღეიდან გარდაბნის მოსახლეობას საშუალება ეძლება საჭირო სამედიცინო მომსახურება რეგულარულად მიიღოს“ – განაცხადა საქართველოს კარიტასის დირექტორმა ანაჰით მხოიანმა.
პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი „კეთილი სამარიტელი“ აშენდა წმ. წამებულის მარ შიმონ ბარ საბაეს ასირიულ-ქალდეური კათოლიკური ეკლესიის სახსრებით.