სკოლის დაწყებას ბავშვები ხშირად ზაფხულის დამთავრებას უკავშირებენ. დღეს, 15 სექტემბერს მათთვის ზაფხული დამთავრდა და დაიწყოს სკოლა. მოდით გავეცნოთ თუ, როგორ გაატარეს საქართველოს კარიტასის დღის ცენტრის ბავშვებმა ზაფხული.
წლევანდელი ზაფხული ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის გამოირჩეოდა სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებით. ღონისძიებები ტარდებოდა არა მხოლოდ დღის ცენტრის ტერიტორიაზე, არამედ ბავშვებს აგრეთვე ჰქონდათ ბევრი გასვლითი ღონისძიება: ქ. რუსთავში „ზებრის“ – ქვეითების გადასასვლელების მოხატვა, საფეხბურთო მატჩის დროს გუნდების ესკორტში ყოფნა, დაესწრნენ რაგბის მატჩს და თავად გამართეს ბევრი სხვადასხვა მხიარული შეჯიბრი. ბავშვებმა აგრეთვე მიიღეს მონაწილეობა ექსკურსიების ციკლში სახელწოდებით „გავიცნოთ ჩვენი დედაქალაქი“ და მოინახულეს თბილისის სხვადასხვა ისტორიული უბანი. ასევე იმყოფებოდნენ ქ. დმანისში და მოინახულეს სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი.
ხელოვნების სტუდიის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს ფესტივალ ,,არტ-გენის” ფარგლებში გამართულ, ქართული რეწვის გამოფენაში. არც ახალი კინო პრემიერები გამოუტოვებიათ. ყველაზე დიდი მოწონება კი დაიმსახურა სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმში“ და „ევროპარკში“ სტუმრობამ, სადაც ბავშვების სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
ივლისის თვეში, საქართველოს კარიტასის ცეკვის დასის ბენეფიციარები იმყოფებოდნენ „Brave Kids“- ის მულტიკულტურული ფოლკლორის ფესტივალზე პოლონეთში, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, Secours Catholique – საფრანგეთის კარიტასის მოწვევით, ხელოვნების სტუდიის ხუთი ბენეფიციარი და ორი მოხალისე იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საზაფხულო ბანაკში: „ერთად უმჯობესია”, რომლის თემა იყო სამართლიანობა, ტოლერანტობა და ძმობა.
საქართველოს კარიტასი დიდი მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას, კომპანიას, დაწესებულებას, თანამშრომელს და მოხალისეს, ვისი მეშვეობითაც ჩვენმა ბენეფიციარებმა ზაფხულის დაუვიწყარი დღეები გაატარეს. ეს დღეები კიდევ ბევრჯერ გაახსენდებათ ჩვენს აღსაზრდელებს! მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის!