2017 წლის 16 დან 17 აგვისტოს ჩათვლით, სოფელ ხიზაბავრაში საქართველოს კარიტასის მოხალისეებმა 20 მოწყვლადი ბავშვისთვის აღმზრდელობითი საზაფხულო ბანაკი გამართეს. ბანაკში ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ საზაფხულო არდადეგები განსხვავებულ გარემოში, 11 მოხალისესთან და ახალ მეგობრებთან ერთად, გაეტარებინათ.
საქართველოს კარიტასის მოხალისეები მსგავს ბანაკებს ყოველ წელს ატარებენ. ბანაკის მთავარი დანიშნულებაა მისცეს მოწყვლად ბავშვებს შესაძლებლობა, რომ საზაფხულო არდადეგები მეგობრულ გარემოში გაატარონ და ჩართულები იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში. თითოეულ ბანაკს აქვს პროგრამა და „სლოგანი“, რომელიც გამოცდილი მოხალისეების მიერ არის წინასწარ მომზადებული. 2017 წლის „სლოგანი“ იყო: „არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, მნიშვნელოვანია ის რასაც აკეთებ“. თითოეულ დღეს კი თავისი თემა ჰქონდა, მაგალითად: მეგობრობა, შური, თანადგომა, რის მიხედვითაც მოხალისეები ახორციელებდნენ სხვადასხვა გასართობ თუ საგანმანათლებლო აქტივობებს, თამაშებს, კონცერტებს, შეჯიბრებებს და ექსკურსიებს. ყოველ დღეს, როგორც ბავშვები, ასევე მოხალისეები ახალ გამოცდილებებს იღებდნენ, რაც დასამახსოვრებელ მომენტებში გადაიზარდა:
„ეს იყო დაუვიწყარი ათი დღე. ადგილი, სადაც მიუხედავად რაღაც პრობლემებისა, მთავარი სიყვარული იყო. მთლიანად ბანაკიდან გამოვყოფ ალბათ ლუკას. ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მოვიდა ჩემს გულთან. ერთ დღეს, შემთხვევით ხელი ვიტკინე და მოხალისემ ცივი საგანი დამადო. ლუკა გვერდით მომიჯდა და ერთი საათი ხელში ეჭირა ჩემი ხელი. ხან ცივს მადებდა, ხან მათბობდა, შფოთავდა და ზრუნავდა ჩემზე. არ მომწონს, რომ გტკივაო. ჩემთვის ეს დახმარება ძალიან უცნაური იყო, ისეთი ადამიანისგან, როგორიც ლუკაა. თუმცა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მასში ამხელა ზრუნვა და ყურადღება დავინახე. რომ არა ეს ბანაკი, ასე ვერასოდეს დავუახლოვდებოდი ვერც ერთ ბავშვს და არ მექნებოდა იმის სურვილი, რომ პროექტი სადაც მათ ისევ ვნახავ მალე გაგრძელებულიყოს.“ – მერი უკლება, საქართველოს კარიტასის მოხალისე.
„ზაფხული თითქმის დამთავრდა, მაგრამ მოგონებები ამ ბანაკზე სულ თან მექნება. მადლობა ზრუნვისთვის და ბედნიერებისთვის“. – ბავშვი, საზაფხულო ბანაკიდან.
ბანაკში, რომელიც დაფინანსებული იყო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის მიერ, ბავშვებმა გაატარეს ნაყოფიერი და საინტერესო ათი დღე, რომელიც სიყვარულით და ზრუნვით იყო სავსე.