წელიწადში ორჯერ, საქართველოს კარიტასის თანამშრომლებისთვის ფორმაციულ შეხვედრები ტარდება. გამომდინარე იქედან, რომ მოწყვლადი ადამიანების დასახმარებლად ორგანიზაცია მთელს საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს კარიტასის თანამშრომლების ერთად შეკრება და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, სხვადასხვა სულიერი საკითხების განხილვა. 6-7 და 13-14 ოქტომბერს, საქართველოს კარიტასმა მორიგი ფორმაციული შეხვედრა გამართა, ამჯერად მთავარი თემა იყო „ჩვენი ფასეულობები“.
ფასეულობებს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი განაპირობებენ ადამიანების ცხოვრების და ორგანიზაციების მუშობის წესს. საქართველოს კარიტასს, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციას, ასევე თავისი ღირებულებები გააჩნია. მათი მეშვეობით, იქმნება უკეთეს სამუშაო გარემო, რომელიც გვეხმარება, რომ ვიმუშაოთ შთაგონებით და მოტივაციით, დავაფასოთ თითოეული ადამიანის ღირსება და დავიცვათ საერთო საზოგადოებრივი ინტერესები.
იმისათვის, რომ ორგანიზაციის ფასეულობები უფრო მეტად გაძლიერებულიყო, ამა წლის რიგით მეორე ფორმაციული შეხვედრა მთლიანად აღნიშნული თემის განხილვას დაეთმო. თანამშრომლები, საქართველოს კარიტასის სხვადასხვა პროექტებიდან, წეროვანში შეიკრიბნენ, სადაც ჩატარდა პრეზენტაცია ჩვენი ღირებულებების შესახებ, მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს გლობალურ ღირებულებებზე და ასევე განხორციელდა ჯგუფური სამუშაოები. ფორმაციული შეხვედრების შედეგად, თანამშრომლებისთვის საქართველოს კარიტასის ფასეულობები უფრო ნათელი გახდა და გამოიკვეთა გარკვეული მესიჯი: ჩვენ გავქს ჩენი ფასეულობები, ღირებულებები, რწმენა, რომ საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებები განვახორციელოთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს მოხდეს.