2017 წლის 29 სექტემბერს, ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განათლებისა და დასაქმების გამოფენა ,,მომავალი შენია” გაიმართა, სადაც საქართველოს კარიტასის სასწავლო-საკონსულო ცენტრი იყო წარმოდგენილი.
განათლებისა და დასაქმების გამოფენის მიზანს მოსწავლე-ახალგაზრდების დამსაქმებლებთან შეხვედრა და პროფესიული არჩევანის გაადვილება წარმოადგენდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი დამსაქმებელი ორგანიზაციები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რომლებიც მოსულ სტუმრებს აწვდიდნენ ინფორმაციას აკადემიური და პროფესიული განათლებისა და ტრენინგების შესახებ.
გამოფენაზე საქართველოს კარიტასის სასწავლო–საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა, სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ და დაამყარეს საქმიანი ურთიერთობა დაინტერესებულ სასწავლო დაწესებულებებთან.
სასწავლო და საკონსულტაციო ცენტრი, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში, 2014 წელს შეიქმნა. მისი მიზანია საექთნო განათლების ხელშეწყობა და შინმოვლის განვითარება საქართველოში. ტრენინგები უტარდებათ სტუდენტებს და სხვადასხვა სამედიცინო პერსონალს შემდეგ თემებზე: პალიატიური პაციენტების მოვლის მეთოდები, კინესთეტიკა, ჭრილობების მოვლის თანამედროვე მეთოდები და სხვა. შინმოვლის სასწავლო მოდული ცენტრის ექსპერტების მიერ არის შემუშავებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის დამტკიცებული, როგორც ექთნების საგანმანათლებლო პროგრამების სავალდებულო საგანი.