ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, საქართველოს კარიტასის წევრებმა საკუთარ ბენეფიციარებთან ერთად გაატარეს და მათ დაუვიწყარი დღე აჩუქეს. 1 ივნისს თბილისის ბავშვთა დღის ცენტრის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ, ფერადი და სახალისო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სხვადასხვა სახის აქტივობებით იყო დატვირთული.
ღონისძიება თბილისის ბავშვთა დღის ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ბენეფიციარების ნამუშევრები: ხატები, მინანქარის სამკაულები, თექის აქსესუარები და ნახატები. ასევე მიმდინარეობდა სხვადასხვა გასართობი აქტივობები: ძერწვა, ხატვა ცარცებითა და გუაშებით, სახის მოხატვა, სპორტული და კულტურული წარმოდგენები. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მოხუცებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბავშვებთან ერთად ჭადრაკის თამაშით ერთობოდნენ.
ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობას თბილისის, ქუთაისისა და ვალეს ბავშვთა ცენტრების ბენეფიციარები იღებდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას ხალხური ცეკვები, სიმღერები და თეატრალური ნომრები წარმოუდგინეს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სხვადასხვა სამინისტროს, სოციალური სააგენტოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მათ კონცერტის განმავლობაში საქართველოს კარიტასის წარმატებული ბენეფიციარები დააჯილდოვეს.