2016 წლის აპრილის ბოლოს, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის „მოვლის“ განათლების სპეციალისტები, პროფესორი კორნელია კრიშელდორფი და პროფესორი ანა კელნერი ეწვივნენ საქართველოს. ვიზიტის მიზანი იყო პროექტის „შინმოვლის განვითარება საქართველოში“ ერთერთი კომპონენტის -საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი 2014 წლიდან ხორციელდება საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მიერ გერმანიის კარიტასისა და გერმანიის ფედერალური სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფინანსური მხარდაჭერით.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრებში, ექთნების და კერძო კოლეჯების ასოციაციების, საგანმანათლებლო ცენტრების წარმომდგენლებთან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა საქართველოს კარიტასის სამედიცინო პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის განვითარების და სასწავლო პროგრამების გაუმჯობესების სფეროში.