ადგილი, სადაც სიყვარულის ენა ვისწავლე
მოგესალმებით! ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ, ამ სცენაზე ვდგავარ და მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ ჩემი ისტორია; მოგიყვეთ, თუ რას ნიშნავს ჩემთვის კარიტასი და რა როლი ითამაშა ამ ორგანიზაციამ ჩემს ცხოვრებაში.
მოდით გაცნობით დავიწყებ, ორიოდე სიტყვით ჩემს შესახებ მოგიყვებით. ჩემი სახელია მარიამ ყარალაშვილი. ვარ 21 წლის. გავიზარდე მშობლების გარეშე. 6 წლამდე ბიძაჩემთან და ბებიაჩემთან ერთად ვცხოვრობდი. სამწუხაროდ ბევრი არაფერი მახსოვს იმ პერიოდიდან, რაკი ძალიან პატარა ვიყავი. თუმცა მახსოვს, რომ ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა კარიტასის წარმომადგენელი, ექთანი ხათუნა, რომელიც ლოგინად ჩავარდნილ ბებიაჩემს უვლიდა. მე და ხათუნა ძალიან ვმეგობრობდით. ყოველთვის მიხაროდა, როდესაც მოდიოდა. სწორად ხათუნამ გააცნო ჩემს ოჯახს კარიტასი და სწორედ მისი დამსახურებით მოვხვდი აქ.
კარიტასის ოჯახს შევუერთდი 6 წლის რომ გავხდი. ამ ასაკში ბავშვები, ანბანს სწავლობენ, მშობლიურ ენას ეუფლებიან, მე კი კარიტასის ენას ვსწავლობდი. ჯერ კარიტასის ენის სწავლა დავიწყე და მერე ქართულის. კარიტასის ენა, ჩემთვის, არის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგები და მისაღებია. ეს სიყვარულის და სითბოს ენაა, ადამიანობის ენაა, ზრუნვის და ერთიანობის ენაა, რომელიც ყველას ესმის, განურჩევლად იმისა, თუ რამდენი წლისაა, რა ეროვნებისაა, რა რელიგიის სწამს, რამდენი ფული აქვს, რა განათლება აქვს და ა.შ. კარიტასის ენა გლობალური ენაა, რომელსაც საზღვრები არ აქვს და რომლის სწავლაც, მე თუ მკითხავთ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართულის ან რომელიმე უცხო ენის.
ბევრისთვის კარიტასი დახმარებასთან ასოცირდება. და სრულიად გასაგებია რატომაც. ეს ორგანიზაცია, მართლა უზარმაზარ შრომას დებს იმაში, რომ განსაცდელში მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ დასაძინებელი ადგილი, ცხელი სადილი, განათლების მიღების შესაძლებლობა, თბილი ტანსნაცმელი და ა.შ. როგორც გითხარით, მე თვითონაც კარიტასის ბენეფიციარი ვარ 6 წლიდან და ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში სწორედ კარიტასის დახმარებით არსებობდა.
თუმცა, ჩემი აზრით, ამ ძალიან საჭირო დახმარებასთან ერთად, კარიტასი ბევრად უფრო მნიშვნელოვან რაღაცას გვაძლევს. იგი სიყვარულის, ზრუნვის და ადამიანობის ენას ავრცელებს, რომელიც მომავლის იმედით გვავსებს, გამოწვევებთან გამკლავების საშუალებას გვაძლევს და ცხოვრების გზაზე საჭირო თავდაჯერებულობას გვჩუქნის. ყველა შემთხვევაში, სწორედ ეს არის ის, რაც კარიტასმა მომცა მე – სიყვარული, რომელიც არასდროს მთავრდება; სიყვარული, რომელმაც სიცოცხლის სურვილი და ძალა მაჩუქა.
ხშირად მიკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება კარიტასი, რომ არ არსებობდეს? უნდა ვაღიარო, რომ პასუხის წარმოდგენაც კი მაშინებს. კარიტასი ჩემთვის ყოველთვის იყო იმის გარანტია, რომ ხვალინდელი დღე გათენდება, რომ არსებობს მომავალი, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე. თუმცა კარიტასი ჩემი პიროვნების გარანტიაცაა. კარიტასმა მე მასწავლა ადამიანობა, სიყვარული, ზრუნვა, პატივისცემა, რამაც ჩამომაყალიბა იმ ადამიანად, როგორიც ვარ დღეს. შესაბამისად, პასუხი შეკითხვაზე თუ რა იქნებოდა კარიტასი, რომ არ ყოფილიყო ჩემთვის ძალიან მარტვი და ცალსახაა - ალბათ მეც არ ვიქნებოდი. ნამდვილად არ ვიქნებოდი ისეთი, როგორიც ვარ დღეს.
როგორც გითხარით, 6 წლიდან ვიყავი კარიტასის ოჯახის წევრი. აქ გავატარე ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი. აქ მომეცა საშუალება მიმეღო განათლება, შემესწავლა სხვადასხვა სახის ხელობა, ჩავრთულვიყავი ძალზედ მნიშვნელოვან მოხალისეობრივ აქტივობებში, სემინარებსა თუ კონკურსებში. ეს ყველაფერი მეხმარებოდა ფიზიკურ, გონებრივ, ფსიქოლოგიურ და სულიერ განვითარებაში და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაში. 18 წლამდე სრულად ვიყავი კარიტასის “საფარის” ქვეშ. 18 წლის რომ გავხდი, სხვების მსგავსად, იძულებული ვიყავი დამეტოვებინა მცირე საოჯახო ტიპის სახლი და დამოუკიდებელი ცხოვრება დამეწყო. ძალიან მეშინოდა ამ პერიოდის. ნამდვილად არ არის ადვილი დატოვო ადგილი, სადაც ამდენი წელი გაატარე, სადაც გაიზარდე, სადაც უამრავი მოგონება დააგროვე და სადაც ამდენი შენთვის ძვირფასი ადამიანია. უცებ, ერთ დღეს ვალდებული ხდები დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი, გამოხვიდე შენთვის კომფორტულ, უსაფრთხო და სიყვარულით სავსე თავშესაფარიდან და ჩაერთო ზრდასრულ ცხოვრებაში თავისი გაუთავებელი გადაწყვეტილებებით, პასუხისმგებლობებით, ვალდებულებებით და ა.შ. გადაწყვიტო, სად იცხოვრო, სად ისწავლო , სად იმუშაო და ა.შ. ძალიან რთულია მართლა. მაგრამ, კარიტასი აქაც გვერდში დამიდგა. ვისარგებლე კარიტასის გადაზრდილების პროექტით, და ამ პროექტის ფარგლებში სხვა ბენეფიციარებთან ერთად, ნელა ნელა, ეტაპობრივად ვძლიერდებით, ვსწავლობთ რეალურ ცხოვრებასთან მშვიდად ადპატაციას და საკუთარი მომავლის მშვიდად და დამოუკლიდებლად აწყობას.
ნელა-ნელა მივყვები ჩემს ცხოვრებას; პატარა, მაგრამ თავდაჯერებული ნაბიჯებით მივაბიჯებ ჩემს გზაზე. თავდაჯერებული იმიტომ, რომ კარიტასის ენა მაქვს ნასწავლი და ამ ენაზე საუბარი შემიძლია სამყაროსთან. პროფესიაც ავარჩიე უკვე. ვსწავლობ უნივერსიტეტში ბუღალტერიის განხრით. ყოველთვის მაინტერესებდა და მინდოდა ამ პროფესიის დაუფლება, ხოდა აი ვისრულებ ჩემი ბავშვობის ჩანაფიქრს. სახლიც ვიპოვე, და ჩემით ვსწავლობ საკუთარ ყოველდღიურ საჭიროებებზე ზრუნვას. სხვათაშორის, კარიტასელ მეგობრებთანაც ვინარჩუნებს კონტაქტს. გვიყვარს ერთმანეთთან შეხვედრა, აზრების გაცვლა, გამოცდილებების გაზიარება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ როგორ ვეგუებით ახალ, დამოუკიდებელ ცხოვრებას. სხვათაშორის, ჩემს საყვარელ ექთანთან, ხათუნასთანაც ვინარჩუნებ კავშირს. იგი ჩვეული გულისხმიერებით მგულშემატკივრობს ყველაფერში. მოკლედ, ყველაფერი კარგად არის, ისეა, როგორც უნდა იყოს. ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ეს მთავარია.
ხოდა დღეს, ამ სცენიდან ჩემი სათქმელი თქვენდამი შემდეგია - კარიტასს აქვს ძალა ცხოვრება აჩუქოს ადამიანებს, შეცვალოს ყველფერი უკეთესობისაკენ არა მხოლოდ ფიზიკური დახმარებით, არამედ იმ იმედის, სიყვარლის და ზრუნვის მიცემით, რომელსაც ამ ორგანიზაციაში მოსული ყველა ადამიანი გრძნობს პირველივე დღიდან.
კარიტასში ნასწავლ ამ გლობალურ, ადამიანურ, სიყვარულის ენას, ჩვენ, კარიტასელები, მუდამ ვატარებთ თან და ვიყენებთ სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. შესაბამისად, გამოდის, რომ კარიტასი უკეთესობისკენ ცვლის არა მხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრებას, ვინც ამ ორგანიზაციაში ხვდება, არამედ იმ ადამიანებისაც, ვინც ცხოვრების გზაზე კარიტასელებს გვხვდება და ვინც ჩვენგან სწავლობს კარიტასის, სიყვარულის, ზრუნვის ენას. გასული 30 წლის განმავლობაში ამ ერთმა, არც ისე დიდმა ორგანიზაციამ უზარმაზარი კვალი დატოვა ქართულ საზოგადოებაზე, უკეთსობისაკენ შეცვალა იგი, და ეს კვალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება კარიტასელების რაოდენობის ზრდასთან ერთად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო კარიტასს 30 წლის იუბილე და ვისურვო, რომ კარიტასის ენა კიდევ ბევრი წელი ავსებდეს მეტი და მეტი ადამიანების გულებს და სულებს სიყვარულით, სითბოთი და ხვალინდელი დღის იმედით და რომ ერთ დღეს, ჩვენი დედამიწის თითოეულმა ბინადარმა იცოდეს ეს ენა!
მადლობა ყურადღებისთვის!