ადგილი, სადაც გვერდში მდგომი ვიპოვე
ალბათ, ყველა ადამიანის სურვილია, რომ გვერდში მდგომი ყავდეს; იყოს მის ცხოვრებაში ვინმე, ვისთანაც სირთულეებს შეეჭიდება და ვისთანაც მარტოდ არ იგრძნობს თავს.
ჩემს შემთხვევაში, ეს სურვილი ძალიან მძაფრი იყო ბავშვობიდანვე. დედა მარტო მზრდიდა. არავინ არ გვეხმარებოდა ფინანსურად ამიტომ, სამ სმენაში უწევდა მუშაობა. დღის განმავლობაში თითქმის ვერ ვხედავდით ერთმანეთს. დედისერთა ვარ. ძირითადად, მარტო მიწევდა ყოფნა. როგორც მახსოვს, უკვე 6 წლიდან საკმაოდ დამოუკიდებელი ვიყავი - დილით ვემზადებოდი, მივდიოდი სკოლაში, მერე სახლში ვბრუნდებოდი, ვსადილობდი, ვმეცადინეობდი და ხანდახან ეზოშიც ჩავდიოდი, დრო თუ მრჩებოდა. ასე გადიოდა ჩემი დღეები. 12 წლის რომ ვიყავი, დედა ავად გახდა, უჭირდა გადაადგილება და ფაქტიურად ყველა ოჯახური საქმე ჩემზე გადმოვიდა. ძალიან ვცდილობდი 12 წლის ბავშვის ცხოვრების შეთავსებას ჩემს ახალ ვალდებულებებთან, თუმცა, ხშირად ეს არ გამომდიოდა; აღარ რჩებოდა ბავშვობის ადგილი ჩემს ცხოვრებაში.
დაახლოებით ათი წელიწადი ვიცხოვრე ამ რეჟიმში. ამასობაში ასაკითაც წამოვიზარდე, სკოლაც დავამთავრე, კოლეჯშიც ჩავაბერე, რომელიც, ასევე წარმატებით დავამთავრე და მუშაობაც დავიწყე. ოჯახი უნდა მერჩინა, ამიტომ ბევრს ვმუშაობდი. სამსახურის შემდეგ კი, ლოგინად ჩავარდნილ დედას ვუვლიდი და ოჯახურ საქმეებს ვაკეთებდი. რთული პერიოდი იყო ძალიან. რთული და მარტოობით სავსე. იმ წლებში ხშირად მეფიქრებოდა გვერდში მდგომ ადამიანზე - რაღაცნაირად არ ვკარგავდი იმედს იმისა, რომ მას მალე ვიპოვიდი და, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.
23 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი იმედი, როგორც იქნა, გამართლდა. უფრო სწორად, მაშინ მეგონა, რომ ჩემი იმედი გამართლდა, რაკი გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. სამსახურში შევხვდით ერთმანეთს და ერთი წლის თავზე დავოჯახდით. საცხოვრებლად კახეთში, მის სოფელში გადავედით, თუმცა ხშირად ჩამოვდიოდი თბილისში, დედასთან, რომ მისთვის ყურადღება არ მომეკლო. როგორც ყველას - მე და ჩემს მეუღლეს კარგი დღეებიც გვქონდა და ცუდიც. სხვა ოჯახებზე არც ბევრად უარესად და არც ბევრად უკეთესად ვიყავით. ერთად ვიცხოვრეთ 9 წელიწადი. სამი შვილიც შეგვეძინა - ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სოფელში ერთად ვმუშაობდით, ვუვლიდით ბავშვებს, სახლს და ა.შ. მაგრამ, რაღაც მომენტში ყველაფერი უარესობისაკენ წაგვივიდა. ურთიერთობაში გაგვიჩნდა პრობლემები, რომლებიც ძალიან მალე ისე გამწვავდა, რომ იძულებული გავხდი წამოვსულვიყავი სახლიდან სამ შვილთან ერთად.
დღეს, რომ ვუყურებ ჩემი და ჩემი მეუღლის წარსულ ურთიერთობას, ვხვდები, რომ თავის დროზე დაოჯახება და ამ ურთიერთობების შენარჩუნება, ძირითადად, მარტოობის დასაძლევად მინდოდა. მეგონა, რომ ჩემი მეუღლე იყო ის გვერდში მდგომი ადამიანი, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა მთელი ცხოვრება. არა და, არც მაშინ როდესაც ერთად ვიყავით და მითუმეტეს არც დაშორების შემდეგ, ბოლომდე არ მიგვრძვნია მისი გვერდში დგომა და ბოლომდე ვერ მოვიშორე მარტოობის განცდა. ჩემი მეუღლე ბავშვების მიმართ ყოველთვის იჩენდა ყურადღებას - მაშინაც და ეხლაც. თუმცა მე, სამწუხაროდ, მისი სახით, გვერდში მდგომი ადამიანი ვერ შევიძინე და ისევ მარტო ვიყავი ჩემი პრობლემების და გამოწვევების წინაშე.
დაშორების შემდეგ, დავბრუნდი თბილისში და საერთო საცხოვრებელში დედაჩემისთვის გამოყოფილ ერთ ოთახში ვზრდიდი ბავშვებს, ვუვლიდი დედას, ვეძებდი სამუშაოს, რომ მერჩინა შვილები და ვცდილობდი ოჯახის დანგრევის შემდეგ ხელახლა მეპოვა საკუთარი თავი და ძალა ცხოვრების გაგრძელებისთვის. ეს კიდევ ერთი მძიმე პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ოღონდ ამჯერად, გადატანილი ტკივილის გამო, უკვე დაკარგული მქონდა იმედი იმისა, რომ გვერდში მდგომ ადამიანს ოდესმე ვიპოვიდი და, რომ ეს მარტოობა ოდესმე დამტოვებდა.
სწორედ ამ მომენტში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში კარიტასი. ვინაიდან დედაჩემი ჩაწოლილი იყო და მეც მაქამდე, ძირითადად, კახეთში ვიყავი, იგი კამილიელების “შინ მოვლის” პროექტში მოხვდა. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენთან სახლში ხშირად მოდიოდა იტალიელი მონაზონი სახელად კორინა. სწორედ მან მიამბო კარიტასის შესახებ და მირჩია, რომ მიმემართა დახმარებისთვის.
ჩემი უფროსი ვაჟი 9 წლის, შუათანა კი, 7 წლის იყო, როდესაც პირველად კარიტასში მოვედით. აქ ჩემს ბავშვებს სხვადასხვა წრეები შესთავაზეს, ასწავლიდნენ, ასადილებდნენ, ზრუნავდნენ მათზე, ამეცადინებდნენ - მოკლედ ყველაფერ იმას უკეთებდნენ რაც ბავშვებს სჭირდებოდათ ამ ასაკში. ბიჭებს ძალიან მოსწონდათ კარიტასში სიარული და მეც მშვიდად ვიყავი, რაკი ვიცოდი, რომ ბავშვები სულ ზრუნვის ქვეშ არიან. როდესაც ჩემი ქალიშვილი წამოიზარდა, ისიც მივიყვანე კარიტასში. ამით მნიშვნელოვნად შემიმსუბუქდა ცხოვრება იმიტომ, რომ, როგორც იქნა, დრო გამომიჩნდა სამუშაოს მოსაძებნად და სამუშაოზე გასასვლელად, ასევე დედის მოსავლელად და სხვა ყოველდღიური საქმეების საკეთებლად. კარიტასი ხშირად ატანდა სახლში ჩემ შვილებს სხვადასხვა პროდუქტებს და ტანსაცმელს, რაც ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩვენი ოჯახის ბიუჯეტისთვის. პოლონეტშიც კი, წაიყვანეს ცეკვით სამივე ბავშვი რამდენჯერმე. სრულიად ახალი სამყარო აჩვენეს ბავშვებს, ახალი მეგობრები შეძინეს, დაუვიწყარი გამოცდილებები და შთაბეჭდილებები აჩუქეს. არ ვიცი კარიტასის გარეშე როგორები გაიზრდებოდნენ ჩემი ბავშვები.
მოგვიანებით, კარიტასმა მეც შემომთავაზა სასწავლო პროგრამები. უფასოდ ვისწავლე თმის შეჭრა, კულინარია და მანიკურის კეთება. მოგვიანებით მუშაობაც დავიწყე ახლადშეძენილი ცოდნის წყალობით. სასწავლო კურსების დასრულებიდან მალევე თვითონ კარიტასმაც დამიძახა სამსახურში, დიასახლისობა შემომთავაზეს სადღეღამისო კრიზისულ ცენტრში. მერე დიდუბის დღის ცენტრში გადმოვედი რეგისტრატორის პოზიციაზე. და აი ასე, დღემდე, გრძელდება ჩემი და ჩემი ოჯახის ურთიერთობა კარიტასთან. 11 წელია რაც ამ ორგანიზაციამ და მასში მომუშავე სრულიად უცხო ადამიანებმა ჩამინაცვლეს გვერდში მდგომი ადამიანი, ჩემს ცხოვრებაში შემოიტანეს ადგილი, სადაც თავს არასოდეს არ ვგრძნობ მარტოდ და სადაც ყოველთვის შემიძლია მქონდეს დახმარების იმედი.
ამისათვის, ყოველთვის მადლიერი ვიქნები.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!