ადგილი, სადაც საქართველოს მომავალს აშენებენ
გამარჯობა, მე ვარ თეკლა ბოხუა. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თქვენთან ერთად და შემიძლია ვისაუბრო ჩემთვის ძვირფას საკითხზე - მოხალისეობაზე. როგორც ვიცი, ამ აუდიტორიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები არიან და, შესაძლებელია, ზოგიერთ თქვენს ქვეყანაში, მოხალისეობა ძალიან მიღებული და პოლულარულიც კი არის. მაგრამ, საქართველოში ჯერ ასე არ არის და სწორედ ამიტომ მიხარია, რომ დღეს მაქვს ამ თემაზე საუბრის და იმის გაზიარების შესაძლებლობა, თუ როგორ ეხმარება კარიტასი საქართველოში მოხალისეობის კულტურის ჩამოყალიბებაში.
მე კარიტასის მოხალისეების გუნდის წევრი მხოლოდ 11 თვეა რაც ვარ. თუმცა, მოხალისეობრივი საქმიანობა აქამდეც იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. ვიდრე კარიტასში მოხალისეთა საბჭოს ჩავუდგებოდი სათავეში ვიყავი ჩემს უნივერსიტეტში მოხალისეობრივი კლუბის დამფუძნებელი. როგორც კლუბის ხემლძღვანელი სულ ვეძებდი მოხალისეობრივ აქტივობებს თბილისში და ასე აღმოვაჩინე "კარიტასი". კიდევ უფრო ადრე, ჩემი პირველი მოხალისეობრივი გამოცდილება სკოლაში მივიღე. გამიმართლა, რომ ისეთი მასწავლებელი მყავდა, რომელიც ჩართული იყო სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში. სწორედ მან მომცა ერთ-ერთ ასეთ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა. მხოლოდ ერთი პროექტი დამჭირდა იმისათვის, რათა მიმხვდარიყავი რამდენად მომწონდა მოხალისეობა. მაშინ მოხალისეობა ჩემთვის მეგობრებთან ერთად სხვების დახმარება იყო რაც ძალიან მომწონდა. თუმცა, ახლა მოხალისეობრივი საქმე ჩემთვის ბევრად მეტია. იგი სხვების დახმარებასთან ერთად საკუთარი თავის შეცნობასა და განვითარებაში მეხმარება. ალბათ კარიტასი რომ არა კიდევ რამდენიმე წელი ვერ მივხდებოდი რისი გაკეთება მინდა მთელი ცხოვრება. ახლა მოხალისეობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მოხალისეობამ იმდენად გამიფართოვა ჰორიზონტები და მრავალფეროვანი გახადა ჩემი ცხოვრება, რომ მის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი თავი. გარდა ამ ყველაფრისა, მოხალისეობით უამრავი ახალი ადამიანი და ახალი მეგობარი გავიჩინე, საქართველოსა თუ საზღვრებს გარეთ. მოკლედ, მოხალისეობამ მთელი ახალი სამყარო გადაშალა ჩემს წინაშე და სულ მსურს, რომ ეს სამყარო სხვებსაც დავანახო.
გამომდინარე იქიდან, რომ კარიტასში მოხალისეთა საბჭოს ხელმძღვანელი ვარ, ხშირად მიწევს ხოლმე ადამიანებთან საუბარი მოხალისეობაზე, მათი დაინტერესება მოხალისეობრივი საქმიანობით. შეიძლება ითქვას, რომ, გარკვეულწილად, მოხალისეობის მოსიარულე პრ-ი ვარ. დიდი სიამოვნებით ვუყვები ადამიანებს მოხალისეობაზე და როგორ შეუძლიათ მათ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. მაგრამ, ხშირად, მცდელობების მიუხედავად, მიჭირს ხალხის დაინტერესება. დასაწყისში ძალიან მიჭირდა იმის გაგება თუ რის გამო ეკიდეობდნენ მოხალისეობას ასეთი უნდობლობითა და სკეპტიციზმით. ჯერ კიდევ მიჭირს ბოლომდე მივხვდე როგორ გადაწონის მათთვის მოხალისეობის „ნეგატიურები“ მის პოზიტიურს. თუმცა, მეგობრებთან, სტუდენტებსა და მოსწავლეებთან საუბრის შემდეგ შევძელი რამდენიმე ჩემი ვარაუდის ჩამოყალიბება.
ასე მაგალითად, ვვარაუდობ, რომ მოხალისეობრივი საქმიანობის მიმართ ინტერესის ნაკლებობა საბჭოური გამოცდილების ბრალი შეიძლება იყოს. მე არ მომიწია საბჭოთა კავშირის პერიოდში ცხოვრება, მაგრამ ვიცი ჩემი ოჯახისგან, რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებდა ყველა კატეგორიის ადამიანზე გარკვეულწილად ზრუნვის საკითხს, ან უშუალოდ სახელწიფო ავალებდა ორგანიზებულ მოხალისეებს რაღაც აქტივობებში ჩართვას. თითქოს და ეს მენტალიტეტი კიდევ შემორჩენლია და ჩემ თაობაშიც კი, აქვს ფეხი მოკიდებული. დღესაც ბევრი მიიჩნევს საჭიროების მქონე პირების დახმარებას მხოლოდ მთავრობის საქმეს. ისინი თვლიან, რომ ეს არ არის მათი პირადი პასუხისმგებლობა და არ არის საჭირო თავად ჩაერთონ ამ საქმეში.
პასიურობის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის არეული პერიოდი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ 90-იან წლებში გამოიარა. ისევ ოჯახისგან ვიცი, რომ ადამიანებს გარკვეული შიში გაუჩნდა ყველაფრის მიმართ, რაც ოფიციალური და ფორმალიზებული არ არის. მოხალისეები ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე პირველ შემთხვევაზე, როდესაც მოხალისეობა დავიწყეთ. უმეტესობამ ოჯახებიდან გაფრთხილებები მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება მოხალისეობრივი პროექტის ქოლგის ქვეშ რაიმე ცუდი საქმისთვის გამოვეყენებინეთ ვინმეს. რა თქმა უნდა, დროის გასვლის შემდეგ ჩვენმა ოჯახებმა დაინახეს რამდენად კარგ საქმეს აკეთებს კარიტასი და ეს შიში გაქრა თუმცა ეს ფრთხილი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც კვლავაც ბევრს აქვს მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მიმართ, ერთგვარი ბარიერი ხდება ახალგაზრდებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის გზაზე.
არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც „უფასო საქმის“ კონცეფცია უბრალოდ არ არის გასაგები. მათი აზრით, ლოგიკას მოკლებულია დახარჯო დრო და ენერგია ისეთი საქმის კეთებაში, რომლისთვისაც არც ანაზღაურებას გიხდიან და არც პროფესიულად დაწინაურდები. ეს ლოგიკაც, გარკვეულწილად გასაგებია ჩემთვის იმ მძიმე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ბევრ ქართველს უწევს ცხოვრება.
მოკლედ, ბევრი მიზეზი შეიძლება მოვიფიქროთ იმისა, თუ რატომ არ ერთვებიან ახალგაზრდები დღეს მოხალისეობრივ საქმიანობაში. მაგრამ, ამ მიზეზების არსებობა, ჩემი აზრით, კი არ უნდა ახრჩობდეს მოხალისეობის პოპულარიზაციის მცდელობას, არამედ პირიქით, უნდა აძლიერებდეს მას. აი სწორად აქ თამაშობს დიდ როლს კარიტასი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში არსებობს სხვა მოხალისეობრივი პორექტებიც, კარიტასი ხალხს სთავაზობს ორგანიზებულ და გრძელვადიან მოხალისეორბივ საქმიანობაში ჩართვას. ისიც, რომ ორგანიზაციას 30 წლიანი წარსული, გამოცდილი თანამშრომლები და რესურსები აქვს ძალიან უსაფრთხოს და იოლს ქმნის ახალი მოხალისეებისთვის ახალი გამოცდილებების მიღებას. შენ შედეგებსაც ძალიან მკაფიოდ და ნათლად ხედავ როდესაც კონტაქტი გაქვს ადამიანებთან რომლებსაც ეხმარები და ეს სურვილით გავსებს რომ მეტად იყო ჩართული.
ამ ზაფხულს, დავესწარი "Young Caritas Europa Forum", რომელიც ჩატარდა საბერძნეთში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა მოხალისემ და ახალგაზრდა პროფესიონალმა ევროპული ქვეყნებიდან. ფორუმის მთავარი არსი იყო ახალგაზრდა მოხალისეებს შეექმნათ საერთაშორისო კავშირები და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ორგანიზაციის პროგრამები, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ერთ-ერთი თემა იყო ახალგაზრდა მოხალისეების მოზიდვა და შენარჩუნება. მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა იოლად გავუგეთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ ყველანი ერთი მიზნით და ერთნაირი ღირებულებით ვიყავით გაერთიანებულები.
ზუსტად იგივეს ვცდილობთ, კარიტასში მოხალისეობრიბრივი საბჭოს კონტექსტში, გვინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანში გავაღვივოთ მოხალისეობის ინტერესი და ერთმანეთს დავაკავშიროთ ამ ინტერესის მქონე ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტი მოხალისეობრივი მუხტის და ინიციატივების ხელშეწყობისთვის.
მოხალისეობა არ არის ქართველი ხალხის ისტორიაში უცხო. მხატვრული ლიტერატურიდან, ზღაპრებიდან, სხვადასხვა ისტორიებიდან ვგებულობთ, რომ ერთმანეთის დახმარება ქართული კულტურის და იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის. სოფლების უმეტესობა სწორედ ამ დახმარებით არსებობდა და არსებობს დღესაც. ერთმანეთის დახმარება საზოგადოებას კრავდა და აერთიანებდა. იქნებოდა ეს რთველზე მიხმარება, მარტოხელა დედების დახმარება, ბავშვების შეფარება თუ სხვა. ხშირად მხოლოდ ეს აძლევდა ხალხს გადარჩენის საშუალებას. ეს დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანაში, სადაც რესურსები შეზღუდულია, მოხალისეობა ხდება მნიშვნელოვანი წინაპირობა გადარჩენისთვის და მომავალი ზრდისთვის. მოხალისეობის თითოეული აქტი უფრო დიდი მოძრაობის ნაწილია, რომელიც თესავს პროგრესის იმედს. რასაც დღეს კარიტასი აშენებთ არის მდგრადი მომავლის საფუძველი. კარიტასის ზურგით და მისი რესურსებით ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ვცდილობთ დავაბრუნოთ მოხალისეობის ღირებულება ქართულ საზოგადოებაში და ეს ყველაფერი თითოეული თქვენგანის მხარდაჭერით არის შესაძლებელი.
დღეს ჩვენი ქვეყნის შემყურე იოლია შიშის და გაურკვევლობის გრძნობაში დაიკარგო. ბევრი ჩვენგანი მომავალზე წუხს, მაგრამ უმეტესობა მარტო მთავრობას შეჰყურებს ცვლილებებისთვის - ველით რამე სხვა გარდამტეხ მომენტს უკეთესობისაკენ რომ დავიწყოთ სვლა. არა და, ჩემი აზრით, უკეთესობისკენ სვლას არანაირი გარდატეხა არ უნდა, იგი თითოეული ჩენგანის ქცევით იწყება; რეალური ცვლილება ჩვენს ხელთაა. ის თუ რას ვაკეთებთ დღეს ჩვენ, რა წვლილი შეგვაქვს ჩვენი საზოგადოების წევრების კეთილდღეობაში, ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, განაპირობებს იმას, თუ როგორ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ ხვალ. ყველა ჩვენგანს აქვს მომავლის მშენებლობის ძალა და ეს ძალა, ჩემი აზრით, სწორედ მოხალისეობრივ საქმიანობაში შეიძლება იყოს მატერიალიზებული.
ჩემთვის კარიტასი არის ადგილი, სადაც სწორედ ამას სწავლობ - საკუთარი ძალაუფლების და საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენებას. სწავლობ იმას, რომ ეს ძალაუფლება შეიძლება და უნდა იყოს გამოყენებული სხვა ადამიანების დახმარებსითვის, ისეთი საზოგადოების მშენებლობისთვის, რომელშიც გვინდა, იცხოვრონ ჩვენმა საყვარელმა ადამიანებმა. კარიტასი არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც მოწყვლად ჯგუფებს ეხმარებიან. კარიტასი არის ადგილი სადაც საქართველოს მომავალს, უკეთეს საზოგადოებას აშენებენ და, როგორც ამ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი და როგორც კარიტასის გუნდის წევრი, ძალიან ამაყი და მადლიერი ვარ, რომ ამ პროცესის მონაწილე ვარ სხვებთან ერთად.
მადლობა თქვენ ამისთვის და მადლობა ყურადღებისთვის!