ადგილი, სადაც ჩემი “მე” ვიპოვე
მოგესალმებით. მე ვარ მარიამ ზირაქაძე. 14 წლის. ვსწავლობ თბილისის მე -14 საჯარო სკოლაში. ეხლახანს, სექტემბერში გადავედი მე-9 კლასში. მყავს ორი და - თამარი და ნინო. თამარი 6 წლისაა, ნინო 18. ჩვენთან ერთად, ასევე, ცხოვრობს ჩემი 20 წლის ბიძაშვილი, ნათია.
ჩემი უფროსი დისგან და ბიძაშვილისგან ხშირად მესმის კომენტარები ჩემს ასაკთან დაკავშირებით. 14 წელი მათ ძალიან უდარდელი და ადვილი ჰგონიათ. რა გიჭირს, არაფერი გაქვს საფიქრალიო მეუბნებიან. შეიძლება ჩემს ასაკში მართლა არ არის ის სირთულეები, რომლებსაც ნინო და ნათია აწყდებიან. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, უდარდელობის განცდა რატომღაც სულ არ მაქვს ხოლმე. პირიქით, ხშირად, საკმაოდ მძიმედ ვგრძნობ თავს იმ ფიქრების გამო, რაც თავში მიტრიალებს.
ყველაზე მეტად რაც დღეს მაწუხებს არის ფიქრი იმაზე თუ ვინ ვარ მე. როგორი ვარ “მე”. ამაზე იმიტომ მეფიქრება, რომ სხვადასხვა სიტუაციაში, ჩემდა უნებურად, თითქოს სრულიად ვიცვლები. ზუსტად არ ვიცი, რატომ ხდება ესე. რატომღაც ვიკარგები ხოლმე, მეკარგება საკუთარი თავი და ამაზე ძალიან ვბრაზდები. ჩემი ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ განვიცდი თუ რას ფიქრობენ სხვები ჩემზე. ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მოწონების დამსახურებისთვის ან კრიტიკის თავიდან არიდებისთვის, ხანდახან, ისეთ რაღაცეებს ვაკეთებ, რომ მე თვითონაც მიკვირს საიდან მოდის ეს ყველაფერი. კატასტროფულს არაფერს ვაკეთებ ნამდვილად, უბრალო ყოველდღიურ წვრილმანებს ვგულისხმობ - მაგალითად ჩემს გადაწყვეტილებას იმაზე თუ რა ჩავიცვა, სად წავიდე, ვის დაველაპარაკო და ვის არა, როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში და როგორ არა - მოკლედ ძალიან ყოფითი და უბრალო რაღაცეები ცალკე თუ ავიღებთ. მაგრამ, მთლიანობაში, ამ წვრილმანების ერთობლიობა უზარმაზარ კითხვებს და საფიქრალს მიჩენს. ვერ გავრკვეულვარ, ბოლო ბოლო ვინ ვარ, როგორი ვარ, რა მომწონს, რა მინდა, რა არ მინდა და ა.შ. ეს საფიქრალი სრულად მაკარგვინებს ხოლმე იმ სიმსუბუქეს, რომელსაც, ჩემი უფროსი დის აზრით, უნდა ვგრძნობდე ჩემს ასაკში.
ამ გამოსვლისთვის, რომ ვემზადებოდი, მივხვდი, რომ ჩემი ფიქრები საკუთარი “მე’-ს შესახებ ერთნაირად მძაფრი არ არის ხოლმე ყოველთვის. ზოგ ადგილას და ზოგ ადამიანებთან, თითქოს, უფრო ნაკლებად მინდება და მიწევს ცვლილება; უბრალოდ ვარ ის რაც ვარ. ზოგ სიტუაციაში და ადამიანებთან კი, ძალიან “მინდება”, რომ შევიცვალო. მაგალითად სახლში, ჩემებთან ერთად, თითქოს ნაკლებად ვგრძნობ ამ ფიქრების წონას - აქ ყველამ იცის ვინ ვარ, როგორი ვარ და მეც მაქვს მეტ-ნაკლებად მდგრადი წარმოდგენა ჩემს თავზე. გარეთ რომ გამოვდივარ, ეს თავდაჯერებულობა კლებულობს. სახლის კარს რომ გამოვიხურავ, ხანდახან მაქვს განცდა, თითქოს ჩემი “მე” სახლში რჩება, არ მომყვება და მეც მის გარეშე გარეთ გასული, უცებ ვირევი, მეკარგება აზრი იმაზე, თუ როგორი ვარ და მეფიქრება მხოლოდ იმაზე, თუ როგორად მინდა, რომ მხედავდნენ სხვები.
სახლის გარდა, არსებობს კიდევ ერთი ადგილი, სადაც მე - მე ვარ, სადაც ჩემი “მე” მომყვება და ჩემთან ერთად არის სულ. ეს ადგილია კარიტასი. 7 წლის ვიყავი აქ რომ მოვედი. დედამ მომიყვანა. მახსოვს მეუბნენოდა წინასწარ რა კარგი რამე იყო კარიტასი, თუმცა ვერაფრით ვერ ვგებულობდი მაინც სად მივდიოდით და რისთვის. აქ ისე კომფორტულად ვიგრძენი თავი, რომ უკვე 7 წელია სხვადასხვა წრეებზე დავდივარ. აქ ვისწავლე თეატრალური ხელოვნება, ცეკვა, ხატვა, ინგლისური და ბევრი სხვა რამ. აქ შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი ახალი მასწავლებლები, გამოვცადე ახალი გამოცდილებები. აქედან წამიყვანეს პირველად საქართველოს ფარგლებს გარეთ, პოლონეთში, სადაც ჩემთვის სრულიად ახალი და განსხვავებული სამყარო აღმოვაჩინე.
თუმცა, ალბათ ყველაზე ყველაზე მთავარი, რაც კარიტასმა მომცა და რაც კარიტასში შევიძინე არის საკუთარი თავი, საკუთარი მე. აქ რომ მოვდივარ ჩემი ფიქრები “მე” -ზე აშკარად მსუბუქდება. აქ თითქოს ზუსტად ვიცი, ვინ ვარ და ისიც ვიცი, რომ ჩემი “მე” არავისთვის არ გახდება დაცინვის თუ კრიტიკის საფუძველი, პირიქით, იზრუნებენ ჩემს მე-ზე, დაეხმარებიან აკეთოს ის რაც უნდა, გამოხატოს სრულად საკუთარი თავი. აქ, მგონი, მართლაც ის უდარდელი 14 წლიანობა მაქვს, რომელსაც ჩემი უფროსი და მაბრალებს ხოლმე.
მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ პირველივე დღიდან ასე ვგრნობ კარიტასში თავს. ნამდვილად არა. თავიდან რომ მოვედი, ძალიან მინდებოდა ამ ახალ გარეშო საკუთარი ქცევის და საკუთარი თავის მორგება სხვებზე. მაგრამ, ნელა ნელა, არც ისე დიდი ხნის წინ, მივხვდი, რომ აქ ეს არავის არ სჭირდება. აქ არავინ არ მთხოვს ვიყო სხვა. აქ ჩემი “მე” კომფორტულად გამოდის გარეთ და სხვების მეებთან ერთად იზრდება და ვითარდება.
არ ვიცი რატომ ხდება ესე კარიტასში. შეიძლება იმიტომ, რომ კარგი მასწავლებლები ყავთ ძალიან. შეიძლება იმიტომ, რომ კომფორტული გარემო არის შექმნილი. შეიძლება იმიტომ, რომ პირველივე დღიდან პატივისცემით გვექცევა ყველა და ერთმანეთის პატივისცემას გვასწავლიან. რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ კარიტასი ჩემთვის იქცა ადგილად, სადაც ჩემი “მე” ვიპოვე და ეს ჩემთვის, ყველა იმ ცოდნაზე და გართობაზე უფრო მნიშვნელოვანია, რასაც აქ მაძლევენ. მე და ჩემი “მე”, ყოველ დღე აქ სიხარულით მოვდივართ და სხვებთან ერთად ვსწავლობთ იმას, თუ როგორ შევინარჩუნოთ ჩვენი თავები კარიტასის კარების მიღმაც.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!