ადგილი, სადაც იდენტობა დავიბრუნე
ყოველი ჩვენგანი ცხოვრების განმავლობაში თავის უნიკალურ გზას გადის. ზოგს გრძელი გზა აქვს გამოყოფილი, ზოგს შედარებით მოკლე. ზოგს ძალიან რთული, ზოგს კი უფრო მარტივი. ზოგს მარტო უწევს ამ გზის გავლა, ზოგს ბევრი მოსიყვარულე ადამიანის გარემოცვაში. ასეა თუ ისე, ყველანი გავდივართ ჩვენთვის განკუთვნილ გზას ბოლომდე და ვასრულებთ მას იქ, სადაც გვეკუთვნის მისი დასრულება. ეს თემა, ჩემთვის თავისთავად ძალიან საინტერესოა. ბევრი მიფიქრია მასზე და ბევრიც დამიწერია ჩემს წიგნებსა თუ ფეისბუქის გვერდზე. თუმცა დღეს იდენტობაზე მინდა გესაუბროთ - იმ საკითხზე, რომელზეც ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრი მეფიქრება და, რომელიც, მიგვიყვანს პასუხთან კითხვაზე თუ რა არის ჩემთვის კარიტასი.
შეგიმჩნევიათ, რომ გზაზე, რომელსაც ჩვენ გავდივართ დაბადებიდან გარდაცვალებამდე გამოცდილებასთან და მოგონებებთან ერთად სხვადასხვა იდენტობებსაც ვაგროვებთ. აი მაგალითად, რომ ვიბადებით - ვიღაცის შვილები და შვილიშვილები ვართ, ბავშვები ვართ, ვიღაცის ზრუნვის ობიქტები ვართ. ცოტა რომ წამოვიზრდებით, მოსწავლეები ვხდებით, ვიღაცეების მეგობრები ვხდებით, მოზარდები ვხდებით. კიდევ ცოტა რომ წამოვიზრდებით, სტუდენტები ვხდებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანის მეგობრები ვხდებით და, თუ გაგვიმართლა, ვიღაცის მეორე ნახევარიც გვეწოდება. გზის რაღაც მონაკვეთზე, ამა თუ იმ დარგის პროფესიონალები ვხდებით, ვიღაცის უფროსები, ვიღაცის დაქვემდებარებულები და ვიღაცის კოლეგები. მერე ჩვენ თვითონაც ვხდებით მშობლები, ბებიები, ბაბუები და ა.შ.
ჩემი დაკვირვებით, რაც უფრო აქტიური და მრავალმხრივი ცხოვრებით ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო მეტი იდენტობის დაგროვებას ახერხებს ცხოვრების განმავლობაში. და ეს კარგია. დაგროვილი იდენტობები გარკვეულ წონას გვაძლევს თითქოს, დამატებით ღირებულებას გვიმატებენ საკუთარ და სხვა ადამიანების თვალში, გვამდიდრებენ რაღაცნაირად და გვეხმარებიან პასუხის გაცემაში ისეთ საკვანძო შეკითხვაზე როგორიცაა - ვინ ვარ მე? შესაბამისად, რაც მეტი იდენტობა გვაქვს, მით უკეთესი ალბათ. ოღონდ, კარგ/სასურველ იდენტობებზე ვსაუბრობ, ჩვენს ისეთ სახეებზე, რომელთა ქონა და საჯაროდ “ტარება” სასიამოვნო და საამაყოც არის ჩვენთვის.
თითქოს ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ რაც უფრო გვემატება ასაკი და რაც უფრო დიდი მონაკვეთი გვაქვს გავლილი ჩვენი ცხოვრების გზის, მით მეტი იდენტობების დაგროვებას უნდა ვახერხებთ. დაახლოებით იგივენაირად, როგორც ვაგროვებთ გამოცდილებებს და მოგონებებს. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ მთლად ასეც არ არის. თურმე, ცხოვრების გარკვეულ საფეხურზე, გარკვეულ ასაკში დგება მომენტი, როდესაც ყველა თუ არა, უმეტესი ჩვენი იდენტობა ქრება, ორთქლდება, სადღაც მიდის. რჩება მხოლოდ ერთი, დომინანტური პასუხი კითხვაზე თუ ვინ ვარ მე - უბრალოდ ხანში შესული ადამიანი, რომელიც მაინცდამაინც არავის სჭირდება არც სახლში და არც საზოგადოებაში.
საყვარელი და ძვირფასი იდენტობების ასე დაკარგვა ძალიან მტკივნეული პროცესია. თითქოს ხელიდან გაგლიჯავენ ყველაფერს, რაც კი ცხოვრების განმავლობაში ასე სათუთად აგროვე. რთულია ამის ფონზე არ ცავარდე დეპრესიაში, არ შეგიპყროს ყოვლისმომცველმა და ღრმა იმედგაცრუებამ. მე ეს გრნობა სხვებზე უკეთესად ვიცი, მგონია, რაკი ბევრისგან განსხვავებით, ასეთი გამოცდილება აქამდეც მქონია.
შიდა ქართლში, ცხინვალის რაიონში, სოფელ აჩაბეთში დავიბადე. წლინახევრისა ვიყავი, ჩემი და რომ დაიბადა, მერე, მიყოლებით ორი ძმა. ეკონომიურად ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ამ ყოფას ის მიმსუბუქებდა, რომ ოჯახის წევრებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი - არ მახსოვს ზღაპრის გარეშე გათენებული ღამე... ბებომ შესანიშნავი წერა-კითხვა და უამრავი ხალხური ლექსი იცოდა... მისთვის რომ დამეჯერებინა და მაშინვე დამეწყო იმის წერა, რასაც ბებო მიყვებოდა, ჩემი მწერლური საქმიანობა გაცილებით ადრე დაიწყებოდა. რომ წამოვიზარდე, თბილისში სავაჭრო სასწავლებელში ვსწავლობდი. ერთადერთი ფრიადოსანი მოსწავლე ვიყავი კურსზე. მახსოვს, ერთადერთი კაბა მქონდა გამოსაპრანჭი, ისიც მეზობელმა მაჩუქა და სასწავლებელში იმით დავდიოდი. ერთხელ პოეზიის საღამოც ჩავატარეთ ჯგუფელებმა. მურმან ლებანიძის ,,გალაკტიონი“ წავიკითხე. კარგი ბავშვიაო! - როგორც იქნა შენიშნა ვიღაცამ ჩემი ნიჭი და, ვაჭრობის კულტურის სახლში მხატვრული კითხვის წრეზე დამაწყებინეს სიარული... - თეატრალური ინსტიტუტისთვის მოგამზადებთო! - მითხრა რეჟისორმა და მეგონა ცა გაიხსნა, ისეთი სინათლე შემოვიდა გულში... თუმცა, ოჯახმა უარი მითხრა, ვერ შეგინახავთ თბილისში ხუთი წელიო...
ცხინვალში დავბრუნდი. ერთ ვაჟს ვუყვარდი ძალიან, მაგრამ იმის მშობლებმა ჩემი ოჯახის ხელმოკლეობის ამბავი რომ გაიგეს, გაგიჟდნენ - ღარიბ და უდიპლომო რძალს სახლში არ შემოვუშვებთო!... გავმწარდი... გადავწყვიტე ყველა შესაძლებლობა გამომეყენებინა და ინსტიტუტში ჩამებარებინა - ორი წელი ვისწავლე მოსამზადებელ ფაკულტეტზე, მესამე წელს ჩავაბარე პედაგოგიურზე, ყოველგვარი ფინანსური დახმარებისა თუ მხარდაჭერის გარეშე... წითელ დაფაზეც მიმიჩინეს ადგილი - ეს გახდა ჩემთვის უდიდესი მოტივაცია... თავდაჯერებამ სხვაგვარად დამანახა ჩემი ცხოვრების გზა, ჩემმა იდენტობამ სულ სხვანაირად გაშალა ფრთები.
დიდი გამართლება იყო, რომ ცხოვრების მეგზურად ჩემი მეუღლე მარგუნა ბედმა - არ მყოლია ცხოვრებაში უფრო მეტად მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი. უძლიერესი პიროვნება იყო. ჩემმა მეუღლემ ყველაფერი იღონა, რომ ჩემს ლექსებსა და მოთხრობებს დღის სინათლე ეხილა... თითქმის ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჩემს შინაარსს ხედავდა!
ცხინვალში ჩემს მეუღლესთან დიდ და ლამაზ სახლში ვცხოვრობდით. ამ სახლში, რევოლუციური მოღვაწეობის დროს სტამბა ჰქონიათ სტალინსა და ლადო კეცხოველს! ამ სახლში გაატარა ცხოვრება ცნობილმა კომპოზიტორმა ალექსი მაჭავარიანმაც. მაცხსოვს ერთხელ, მის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა გადამღები ჯგუფი ჩვენი სახლის გადასაღებად... ისეთი პოპულარული იყო ჩვენი სახლი, რომ ჩემს მამამთილს მისი მუზეუმად გადაკეთება სურდა, მაგრამ სხვადასხვა დაბრკოლებების გამო არ გამოუვიდა. სახლზე მიშენებული ორსართულიანი კაფე-ბარიც გვქონდა, ,,ოცნება“ ერქვა. მაშინ ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი ბარი თბილისშიც კი არ იყო. ნამდვილ ,,ლაღიძის“ წყლებს ვყიდდით. უგემრიელესი ხაჭაპური და ნამცხვარი, ულამაზესი ინტერიერი და ჩვენი ნუგბარი უამრავ ადამიანს იზიდავდა.
ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი 5 შვილის დედა, უაღრესად მოსიყვარულე და ყურადღებიანი ადამიანის მეუღლე, პედაგოგი, ჩვენი კაფეს დიასახლისი, საზოგადოების აქტიური წევრი, კარგი მეზობელი, მეგობარი და ა.შ. ყველა ეს იდენტობა ძალიან მიყვარდა და მეამაყებოდა. მაგრამ ერთ ავბედით დღეს, 1991 წელს რუსულ-ქართულ-ოსური კონფლიქტი რომ დაიწყო ცნობილი მოვლენების გამო, ეს ლამაზი ზღაპარი დასრულდა. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად ცხინვალიდან გამოქცევა მოგვიწია თავის გადასარჩენად. ჩვენი სახლი, ჩვენი კაფე, ჩვენი მეგობრები, მეზობლები, მთელი ჩვენი ცხოვრება იქ დარჩა და მასთან ერთად იქ დარჩა ჩვენი იდენტობებიც.
ნამდვილი უბედურება იყო ეს ყველაფერი. დაკარგულ საცხოვრებელ ადგილს აღიდგენ რაღაცნაირად სხვაგან, მაგრამ რა შეიძლება უყო დაკარგულ მშობლიურ გარემოს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, სამსახურს, შენს საქმეს. ეს ყველაფერი, ხომ ჩვენი მეობის, ჩვენი გენეტიკური კოდის ნაწილია, რომლის აღდგენა შეუძლებელია. თბილისში ჩამოსულებს აღარაფერი აღარ გვქონდა, მათ შორის აღარც ჩვენი იდენტობები. აქ მხოლოდ დევნილები ვიყავით. ძალიან მწარედ მახსოვს ეს პერიოდი. მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწრის გამოცდას.
თუმცა, არ ვწუწუნებ. როგორც ჩანს ასეთი იყო ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების გზა. ბევრი სხვა დევნილის მსგავსად, ჩვენც ნელა ნელა დავდექით ფეხზე. არც კი მახსოვს რამდენ დაბალანაზღაურებად და მძიმე სამსახურებში ვმუშაობდით მე და ჩემი მეუღლე ბავშვები რომ გვერჩინა და მეტ-ნაკლები ნორმალურობა, რომ შემოგვეტანა ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გამოგვივიდა, დავლაგდით რაღაცნაირად თბილისში.
ნაღდად არ მეგონა, რომ ამის შემდეგ კიდევ ოდესმე ვიგრძნობდი საკუთარი თავის, საკუთარი იდენტობის დაკარგვის ტკივილს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასაკის მატებასთან ერთად, ეს გარდაუვალია. ჩემი შვილები გაიზარდნენ. დღეს ისინი თავად არიან მშობლები და ჩემი დედობრივი ზრუნვა, შედარებით ნაკლებად ესაჭიროებათ. საკუთარი ბიზნესი აქვთ, თვითონ წყვეტენ როგორ იცხოვრონ, რა გააკეთონ, ჩემგან დამოუკიდებლად. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, ამიტომ ჩემი მეობის ეს უძვირფასესი ნაწილიც დავკარგე. ასაკის გამო აქტიურ პროფესიულ საქმიანობასაც ვეღარ ვეწეოდი. აღარც პედაგოგი ვიყავი, აღარც ჩემი ბიზნესი მქონდა. პანდემიამდე მცირე მეწარმეობით ვიყავი დაკავებული, მოგეხსენებათ, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა და ესეც წამერთვა. მეგობრების უმეტესობაც დავკარგე, გავიფანტეთ, ზოგი გარდაიცვალა და ისევ დავრჩი მხოლოდ ერთი არასასურველი იდენტობის ამარა. დეპრესიული, საკუთრ თავთან მოლაპარაკე პენსიონერად ვიქეცი და ეს ჩემი იდენტობა, გულწრფელად გითხრათ, ძალიან მეჯავრებოდა.
სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში კარიტასი. სრულიად შემთხვევით გავიგე ამ ორგანიზაციის შესახებ ავტობუსის გარეჩერებაზე გაცნობილი ქალბატონისგან. ისე საინტერესოდ ამიღწერა აქაურობა, რომ დამაინტერესა და მოვედი. კარიტასის დღის ცენტრში, “ჰარმონიის” პროექტის ფარგლებში დაახლოებით ჩემივე ასაკის ადამიანები ერთ სივრცეში ვიკრიბებით და ერთად ვატარებთ დროს. აქ გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთთან საუბრით, ერთობლივი აქტივობების განხორციელებით შევახსენოთ ერთმანეთს, რომ ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე უბრალოდ პენსიონრები; რომ მართალია, ასაკი მოგვემატა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი უნიკალური გამოცდილება და ცოდნა გვაქვს დაგროვილი, რომელიც ვიღაცისთვის საინტერესოა.
ასე, ერთად საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისას, ექსკურსიებზე სიარულისას, სხვადასხვა თამაშების თამაშისას, სადილზე საუბრისას აღმოვაჩინეთ, რომ გარდა პენსიონრებისა ვართ მასწავლებლები, მოცეკვავეები, მომღელრები, ბალერინები, მწერლები, მკერავები, მზარეულები, დიასახლისები და ა.შ. რაც მთავარია, აღმოვაჩინეთ, რომ საინტერესო და საჭირო ადამიანები ვართ, ჩარეცხილი და იდენტობა დაკარგულები არ ვართ და ამის აღმოჩენა სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია. ჩვენი მრავალმხრივი ნიჭი ვერ იქნებოდა სხვათათვის სასარგებლო, შესამჩნევი და მნიშვნელოვანი, რომ არა ,,კარიტასი“! დღის ცენტრის ,,ჰარმონიის“ ადმინისტრაციას აქვს ყველანაირი რესურსი, რომ აქ ადამიანმა თავისი თავი და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს, თუკი ამისი სურვილი აქვს!
დღეს მე ვარ ,,დევნილთა სოლიდარობის ცენტრის“ და ლიტერატურული სალონის ,,მთვარეულები“ - ერთ-ერთი დამფუძნებელი... აქტიურად ვმონაწილებ სხვადასხვა პროექტებში: - ,,ჩემი საქართველო აქ არის“, ,,სტუმრად საზღვრისპირა სოფელში, სკოლაში“, ,,მე მარაბდელი ვარ“... ვარ მთაწმინდის რაიონის პენსიონერთა გამგეობის წევრი, მწერალთა კავშირის წევრი... აქტიურად ვწერ და ვემზადები ჩემი წიგნის გამოცემისთვის ჩემი შვილების დახმარებით. ვწერ სიკეთეზე, სიყვარულზე, სამშობლოზე, ბავშვებზე, წარსულზე, აწმყოზე მომავალზე.. ვარ კარიტასში გაცნობილი ადამიანების მეგობარი, ვარ აქტიური ბებია და საზოგადოების აქტიური წევრი. ასე, ნელ - ნელა, ფორთხვა - ფორთხვით, კარიტასის დახმარებით დავუბრუნდი ჩემს თავს... ჩემს იდენტობას! და ეს, ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომლის განცდაც არის შესაძლებელი ცხოვრების გზის ამ ეტაპზე.
ასე რომ კითხვაზე, რომელიც ჩემი გამოსვლის შესავალში ვახსენე - რა არის კარიტასი? ჩემი პასუხია ასეთი - ეს არის ადგილი სადაც საკუთარი თავის პოვნა და საკუთარი იდენტობის დაბრუნება შევძელი.