2017 წლის 8 დეკემბერი – ქ. თბილისში, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში”. კონფერენციის მიზანი გახლავთ საექთნო განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: დანიელ ჰაასი – გერმანიის საელჩოს, სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის განვითარების ხელმძღვანელი და ირინა წეროძე -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მათ ხაზი გაუსვეს, კვალიფიციური ექთნების მწვავე უკმარისობის გათვალისწინებით, საექთნო განათლების განვითარების მნიშვნელობას.
კონფერენციის 120–ზე მეტ მონაწილეს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ დუალური საექთნო განათლების გერმანულ გამოცდილებას, რომლის მოხსენება გააკეთეს ანდრეას კრიუგერმა – ფრაიბურგის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელმა და სილკე უდრიმ – ბად კროცინგენის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელმა. გერმანელი ექსპერტების პრეზენტაციებში გადმოცემული იყო დუალური განათლების განვითარების პერსპექტივების ფართო მიდგომა და მეთოდები სამედიცინო პერსონალის მომზადების პროცესში.
ასევე კონფერენცისს განმავლობაში, პრეზენტაციები თემებზე: „პროფესიული საექთნო განათლება საქართველოში” და “ექთნის როლი ზრუნვის სისტემაში“ გააკეთეს საქართველოს კარიტასისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გერმანელმა ექსპერტებმა. მათ ასევე ფასილიტაცია გაუწიეს სამუშაო ჯგუფების მუშაობას და სხვადასხვა თემებზე პრაქტიკული და კონკრეტული რჩევები მისცეს მონაწილეებს.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესიული განათლების განვითარების წამყვანი მხარეები – პროფესიული განათლების ცენტრებისა და სამედიცინო დაწესებულებების, საექთნო და კერძო კოლეჯების, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების, ასევე გერმანიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, ევროკავშირის დელეგაციის, GIZ- ის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს კარიტასის და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეაჯამებენ კონფერენციისა და დებატების შედეგებს და ერთობლივად დაგეგმავენ შემდგომ საქმიანობას.
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის გერმანიის კარიტასსა და გერმანიის ეკონომიკური განვითარების ფედერალურ სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა სასტუმრო ბილტმორს, რომელმაც საქართველოს კარიტასს, როგორც საქველმოქმედო ფონდს განსაკუთრებული მომსახურების პირობები შესთავაზა.