საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი ოფიციალურად 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკე ეკლესიამ დააარსა. ორგანიზაცია საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება, ხელს უწყობს ქვეყანაში ქველმოქმედებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას.
საქართველოს კარიტასმა დაარსების დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რათა დახმარებოდა ყველაზე დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს: მარტოხელა, უმწეო მოხუცებს; მზრუნველობამოკლებულ და უსახლკარო ბავშვებს; სნეულებს; იმედგაცრუებულებს და რწმენადაკარგულებს; ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს, მიუხედავად მათი ეროვნებისა, სქესისა თუ რელიგიური კუთვნილებისა.
საქართველოს კარიტასი 1998 წლიდან გახდა „კარიტის ევროპას” (Caritas Europa) და „საერთაშორისო კარიტასის” (Caritas Internationalis) მსოფლიო კონფედერაციის წევრი. საერთაშორისო კარიტასი შედგება 160 წევრისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეხმარებიან გასაჭირში მყოფ ადამიანებს.