საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს კათოლიკური ეკლესიის მიერ. „საქართველოს კარიტასის“ მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

“საქართველოს კარიტასი” ქვეყნის გაჭირვებულ მოსახლეობას ემსახურება. იგი იღწვის ისეთი ქართული საზოგადოების დასამკვიდრებლად, სადაც დაცული იქნება თითოეული ადამიანის ღირსება და მათი ძირითადი უფლებები: ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა, სამართლიანობა, გულმოწყალება და სოლიდარობა, საერთო-საზოგადოებრივი ინტერესები კი პირადულზე მაღლა იქნება დაყენებული. “საქართველოს კარიტასი” ხელს უწყობს ადამიანის რესურსების განვითარებას, სოციალური სამართლიანობის დაცვას, გაჭირვებული ადამიანებისათვის ხელის გამართვას, მათი ღირსებისა და პასუხიმგებლობის გრძნობის ამაღლებას.

დასახული მიზნისკენ სწრაფვა ყველაზე ნათლად “საქართველოს კარიტასის” მიერ განხორციელებულ პროექტებში აისახება, სადაც სამი ძირითადი პროგრამა გამოიკვეთება:

  • ჯანდაცვა და სოციალური დახმარება
  • ბავშვები და მოზარდები
  • განვითარება და გადაუდებელი დახმარება

“საქართველოს კარიტასმა” არსებობის დღიდან მრავალი პროექტი განახორციელა, რომლებიც ყველაზე გაჭირვებულ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ხალხს დაეხმარა. ესენი არიან მარტოხელა, უმწეო მოხუცები, უპატრონო და უსახლკარო ბავშვები, სნეულნი და ხეიბარნი, იმედგაცრუებული, რწმენადაკარგული ადამიანები, უმუშევრები, ყველანი ვინც სოციალურად დაუცველია, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.

საქართველოს კარიტასის ხედვა

საკუთარ ხედვას საქართველოს კარიტასი რელიგიურ სწავლებასა და გაჭირვებული ადამიანების მხარდაჭერაზე ამყარებს. იგი ქართულ საზოგადოებაში „სიყვარულის ცივილიზაციის“ ჩამოყალიბებაზე მუშაობს და მიზნად ისახავს:

  • თითოეული ბავშის, ქალისა და მამაკაცის ადამიანური ღირსებისა და ფუნდამენტალური უფლებების დაცვასა და პატივისცემას;
  • მშვიდობის, თავისუფლების, სამართლიანობის, მოწყალების, სოლიდარობის ხელის შეწყობას და დაფასებას;
  • საერთო საზოგადოებრივი ინტერესების ინდივიდუალურ ინტერესებზე მაღლა დაყენებას;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების რესურსების განვითარებას და მათ სოციალიზაციას;
  • გარემოს დაცვას და პატივისცემას.

საქართველოს კარიტასის მისია

ჩვენი მისია არის ადამიანური რესურსების განვითარება, სამართლიანობის ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება, ქრისტიანული ღირებულებების გათვალისწინებით.

მისიის განსახორციელებლად, საქართველოს კარიტასი:

  • იცავს საერთაშორისო კარიტასისა და ევროპის კარიტასის ღირებულებებსა და პრინციპებს;
  • ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას სიღარიბის და უსამართლობის, ასევე მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ;
  • თანამშრომლობს ეკლესიებთან, მათ მიერ დაფუძნებულ და საერო-სეკულარულ ორგანიზაციებთან, სოციალურ სფეროში, სიღარიბის და უთანასწორობის აღმოფხვის მიზნით;
  • აყალიბებს და ახორციელებს ისეთი აქტივობებს, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას მისცემს საშუალებას უკეთესობისაკენ შეცვალონ საკუთარი ცხოვრება;
  • ცდილობს იყოს ადამიანური, კულტურული და კონფესიური ურთიერთობების საუკეთესო მაგალითი; იღებს ვალდებულებას მიმდინარე ინსტიტუციონალურ განვითარებაზე, სასწავლო პროცესების ინტეგრირებით ყელა ორგანიზაციულ პროცესში.