დუალური განათლების გაცნობითი ვიზიტი გერმანიაში

2017 წლის 15-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კარიტასის ერთობლივი დელეგაცია, საექთნო საქმის დუალური განათლების გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეწვია გერმანიას.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი, პროგრამის ოფიცერი ია ადეიშვილი, ექთანი-ტრენერი ნინო ფერაძე, განათლების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე თამარ მახარაშვილი და პროფესიული  კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი კახა ერაძე. ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა მოინახულეს რამდენიმე საგანმანათლებლო ცენტრი,   ფრაიბურგის კათოლიკური  უნივერსიტეტი, ბად კროტცინგენის კარდიოლოგიური კლინიკის საექთნო სკოლა და ფრაიბურგის მუნიციპალიტეტი, გაეცნენ ზრუნვის ინფრასტრუქტურას.

საქართველოს კარიტასისთვის აღნიშნულ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სტუმრობის დროს ორგანიზებულ შეხვედრებზე დელეგაციის წევრებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების, განათლების მეთოდებისა და სამართლებრივი აქტების შესახებ.  გერმანიის კარიტასის საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელთან კლაუდიო მოზერთან გამართული შემაჯამებელი შეხვედრისას კი მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გერმანიის კარიტასი მხარს დაუჭერს გერმანიისა და საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრების თანამშრომლობის ჩამოყალიბებას საქართველოში განათლების თანამედროვე მეთოდების გავრცელებისათვის.

საქართველოს კარიტასი დიდ მადლობას უხდის გერმანიის კარიტასს შეხვედრის ორგანიზებისა და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

ვიზიტის ბოლოს გადაწყდა რომ, დუალური განათლებისა და ზრუნვის სერვისების  გერმანელი ექსპერტები 2017 წლის დეკემბერში ეწვევიან საქართველოს.