ალის მოგზაურობა

ალი, თავის ოჯახთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა სიერა-ლეონეში. მისი მამა იყო პოლიტიკოსი, ქვეყნის ოპოზიციური პარტიის წევრი. ალი ჯერ ვერ ერკვეოდა მამის საქმიანობაში, მან უბრალოდ იცოდა, რომ მამა ყოველთვის ძალიან დაკავებული იყო. მიუხედავად ამისა, ის ხანდახან მაინც ახერხებდა ალისთან ერთად კალათბურთის თამაშს, რაც ალისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყო. ალი დროის უმეტეს ნაწილს დედასთან და თავის ორ პატარა დასთან ერთად ატარებდა. თითქმის ყოველ დღე ისინი ერთად მიდიოდნენ აკადემიაში, სადაც ბავშვები განათლებას იღებდნენ. მიუხედავად ამისა, ალის ყველაზე მეტად დასვენების დღეები უყვარდა, რადგან ის დროის უმეტესობას, სხვადასხვა თავგადასავლების ძიებაში, თავის მეგობრებთან ერთად ატარებდა.

ალი ეზოში კალათბურთს თამაშობდა, როდესაც პოლიციელები შეიჭრნენ მის სახლში და მამა წაიყვანეს. ალის ვერ გაეგო ვერაფერი, მხოლოდ ორ სიტყვას მიაქცია ყურადღება: პოლიტიკური პატიმარი. ამის შემდეგ, მისთვის უცხო კაცებმა დაიწყეს სახლში მოსვლა და მისი ოჯახის დამუქრება, რომ დაეტოვებინათ სახლი. ის მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მამამისის სამუშაოსთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ვერ გაეგო თუ, რატომ უნდა დაეტოვებინათ სახლი, ქვეყანა და თუ, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი მის თავს.

 

დროთა განმავლობაში, ალი დადიოდა კალათბურთის სათამაშოდ. ერთ დღესაც, როდესაც იგი შინ ბრუნდებოდა, მან დაინახა, რომ მისი სახლი ცეცხლში იწვოდა. იგი გაიქცა, რომ ოჯახის წევრები მოეძებნა მაგრამ ვერ იპოვა… უცებ, ვიღაცამ მას ხელი სტაცა, ალის თავიდან შეეშინდა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ ეს იყო ძია აჰმედი, მამის მეგობარი, იგი დამშვიდდა. აჰმედმა ალი სარფად წაიყვანა სახლიდან მოშორებით, ჩასვა მანქანაში და უთხრა: „შენ მარტო დარჩი, მაგრამ ახლა უსაფრთხოდ ხარ. მალე შენს გვერდით იქნებიან ადამიანების, ვისაც შენს მოგზაურობას გაუზიარებ.“

გრძელი მოგზაურობის შემდეგ, ალი ჩავიდა საქართველოში, რომლის შესახებაც მას მანამდე არაფერი გაეგო. ეს ქვეყანა არ ჰგავდა თავის სამშობლოს და აქ არც მისი ახლობლები იყვნენ. ალი დაბნეული იყო, უნდოდა დაცულ და თბილ გარემოში, სახლში ყოფნა.  იგი საზღვრიდან სხვადასხვა შენობებში გადაიყვანეს, განსხვავებული ხალხი ელაპარაკებოდა მას, უსვამდნენ ბევრ შეკითხვას, განიხილავდნენ დაეტოვათ ალი თუ არა… ბოლოს, ის მარტყოფის ლტოლვილთა თავშესაფარში გადაიყვანეს. ხოლო, როდესაც უცხო ადამიანები მისი მოყოლილის სინამდვილეში დარწმუნდნენ, იგი საქართველოს კარიტასის მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. იქ ალის თბილი გარემო, რამდენიმე ბავშვი და  უფროსი ადამიანები დახვდნენ, ვისთან ერთადაც ის ლაპარაკობდა, სწავლობდა, ხატავდა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებში იყო ჩართული. მაგრამ მისთვის ყველაზე საყვარელი საქმიანობა მაინც კალათბურთის თამაში იყო. ალისთვის თავიდან ყველაფერი უცნაურად გამოყურებოდა: ენა, ხალხი, გარემო, მათი ცეკვებიც კი ძალიან განსხვავებული იყო… რამდენიმე ხნის შემდეგ, იგი დაწყნარდა და მშვიდად ძილი შეძლო. ალის უკვე ჰყავდა ადამიანები, ვისაც თავის მოგზაურობას გაუზიარებდა.

2015 წელს, ალი 18 წლის გახდა, მან დატოვა თავისი უწინდელი ადგილი და გადავიდა საქართველოს კარიტასის ახალგაზრდულ სახლში.  დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, ვერ მოხერხდა მისი ჩართვა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში, იგი ვერ ჩაირიცხა და დაამთავრა სკოლა. თუმცა, აქტიურად იღებს განათლებას საქართველოს კარიტასის დღის ცენტრებში. ალი არის შრომისმოყვარე, პუნქტუალური და მიზანდასახული ბიჭი. იგი აგრძელეს სწავლას და აპირებს უმაღლესი განათლების მიღებას. საბოლოოდ, ალის ცხოვრება შეიცვალა თუმცა, მისი სიყვარული კალათბურთის მიმართ არასდროს შეცვლილა.

 

შენიშვნა: ვინაობის დაფარვის მიზნით, ისტორიაში შეცვლილია სახელები.