იტალიური დღეები საქართველოს კარიტასში

2017 წლის 22-23 მაისს, საქართველოს კარიტასში იტალიური დღეები გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ორგანიზაციის და მისი იტალიელი პარტნიორების თანამშრომლობის აღნიშვნა. იტალიელი ხალხი და იტალიაში არსებული ორგანიზაციები საქართველოს კარიტასს მუდამ მხარში უდგანან და წლების განმავლობაში ეხმარებიან.

22 მაისს, თბილისის დიდუბის ცენტრში, საქართველოს კარიტასის დღის ცენტრისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარები მუშაობდნენ სხვადასხვა სახელოსნოებში, რათა დაემზადებინათ იტალიური ნიღბები, ნახატები, ხელნაკეთი ნივთები და მოემზადებინათ იტალიური კერძების ძირითადი ინგრედიენტები, რაც წარმოდგენილი იყო საგამოფენო დარბაზში, მთავარი ღონისძიების დროს.

23 მაისს, საქართველოს კარიტასში იტალიური დღეების მთავარი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება დაიწყო, ორგანიზაციის დამფუძნებელი ასამბლეის წევრის მონს. ჯუზეპე პაზოტოს და ბ-ნ ანტონიო ენრიკო ბარტოლის, იტალიის ელჩი საქართველოში, მისასალმებელი სიტყვით.   ღონისძიების კულმინაცია იყო საქართველოს კარიტასის დღის ცენტრის ბენეფიციარების მიერ შესრულებული თეატრალური წარმოდგენა: „პინოქიო“, რასაც მოჰყვა იტალიური სიმღერები, ცეკვები და სან. კამილოს დღის ცენტრის მიერ შესრულებული „ტარანტელა“.

ღონისძიების დასრულებისას, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბავშვების ნამუშევრები და დაეგემოვნებინათ მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების მიერ დამზადებული იტალიური კერძები.

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის სტუმრებს მობრძანებისთვის და იტალიელ პარტნიორებს თანადგომისთვის.

ღონისძიების სურათები: https://caritas.ge/en/photo-gallery/