2016 წლის ნოემბერს, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველოს კარიტასს ესტუმრნენ

 

საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა ფრაიბურგის, გამოყენებითი მეცნიერებების, კათოლიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორულ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კარიტასის შინმოვლის გუნდის შესაძლებლობების გაძლიერებასა და საექთნო საქმის განვითარებას საქართველოში.
2016 წლის ნოემბრის ბოლოს, საქართველოს კარიტასს ეწვივნენ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორიები კორნელია კრიხელდორფი, ანა კელნერი და მათი სტუდენტები. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა სტუდენტების ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობა, რადგან ისინი ამავდროულად საექთნო საქმის მასწავლებლებიც არიან. სტუდენტებმა საქათველოს კარიტასის ექთნებთან ერთად ბინაში მოინახულეს შინმოვლის პროექტის ბენეფიციარები  და ქართველ კოლეგებს გაუზიარეს მოვლის ახალი უნარები, მეთოდები და პაციენტთა მოვლის ვიდეო გაკვეთილები, რომელიც ქართულ ენაზეა ნათარგმნი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს კარიტასის პროფესიული კოლეჯების სტუდენტების და სხვა სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილ სატრენინგო მასალებს.
ვიზიტის დროს პროფესორები კორნელია კრიხელ დორფი, ანა კელნერი, საქართველოს კარიტასის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი შეხვდნენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილეს საექთო განათლების განვითარების საკითხები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განიხილა ორმხრივი პროფესიულ განათლებასთან ინტეგრირების საკითხები, დადებითად შეაფასა პროფესორ კორნელია კრიხელდორფის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადება “საექთნო განათლების სწავლების მესამე ადგილი”.
სამედიცინო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულმა დისკუსიებმა ჩამოაყალიბა აზრი, რომ საქართველოს კარიტასის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი შეიძლება გადაიქცეს გერმანიის კარიტასის აკადემიის მსგავს დაწესებულებად, რომელიც გაავრცელებს შინმოვლის მეთოდოლოგიას და წვლილს შეიტანს საექთნო განათლების და მედდა -მასწავლებლების მომზადების საქმეში.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და პროფესორ კორნელია კრიხელდორფის ინტერვიუ ტელეკომპანია პალიტრა ტვ -მ გააშუქა გადაცემაში „მკურნალი“.

ინტერვიუს სანახავად მიყევით ბმულს: https://caritas.ge/it/video-2/