07 დეკ
  • By Nino Gambashidze
  • Cause in

შემოდგომის ქრონიკა

დასრულდა შემოდგომა და დაიწყო ცივი ზამთარი. საქართველოს კარიტასისთვის 2017 წლის შემოდგომა, წელიწადის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდი იყო. მოდით, მოკლედ თვალი გადავავლოთ და გავეცნოთ თუ რას აკეთებდნენ საქართველოს კარიტასის ბენეფიციარები შემოდგომის განმავლობაში.

შემოდგომა საქართველოს კარიტასის ბავშვთა დღის ცენტრში მხიარულად დაიწყო.  17 სექტემბერს, ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს გარბენში დევიზით: „ირბინე მშვიდობისთვის“. სპორტული განწყობა 25 სექტემბერსაც იგრძნობოდა საქართველოს კარიტასის დღის ცენტრში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯია“-ს ტერიტორიაზე გაიმართა საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი „დიდუბე 2017“, სადაც ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარმა, ნიკა ნოზაძემ, 10-11 წლის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა. თუმცა მისი გამარჯვება ამით არ დასრულებულა, მან ასევე პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს კარატე-დო შიტო-კაის რიგით VI ჩემპიონატზე, ხოლო- ტატო ქეშელაშვილმა მესამე. ოქტომბერში კი ბავშვებს უფრო მეტი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა ჰქონდათ: ისინი ესტუმრნენ კინოთეატრ კავეა მოლს; თბილისობასთან დაკავშირებით, დიდუბის საკონცერტო დარბაზში, გამართეს ულამაზესი ღონისძიება; ესტუმრნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს და დაესწრნენ საბავშვო ევროვიზია 2017 -ის დასკვნით კონცერტს.

რაც შეეხება მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებს, მათთვის სექტემბერი შემეცნებითი აქტივობებით დაიწყო. 25 სექტემბერს, მათ საქართველოს საერთაშორისო სტემ განათლების ასოციაციის წარმომადგენლები ეწვივნენ, საინტერესოდ და მხიარულად გააცნეს განათლების სხვადასხვა დარგები, საღამო კი ლექციითა და ვახშმით დაასრულეს. ამას რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში მოჰყვა არასამთავრებო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ შეხვედრა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს საგზაო უსაფრთხოების შესახებ სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. ბავშვების თქმით, ყველაზე განსაკუთრებული დღე მათთვის, 18 ოქტომბერი იყო, როდესაც მათ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებისგან საჩუქრები მიიღეს.

შემოდგომა ჩვენი ხანდაზმულებისთვისაც გამორჩეული იყო, გარდა უამრავი აქტივობისა და ღონისძიებების, რაც მათ ცენტრში განახორციელეს, დღის ცენტრ „ჰარმონიის“ ბენეფიციარები საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთას ეწვივნენ და მოინახულეს დედათა მონასტერი და სხვა იქ არსებული ისტორიული ადგილები.

საქართველოს კარიტასი უღრმეს მადლობას უხდის ყველა ორგანიზაციას, დაწესებულებასა და კომპანიას, რომელმაც ჩვენი ბენეფიციარების დღეები გაახალისეს.

 

 

Nino Gambashidze