წმიდა მამა ფრანცისკეს გზავნილი 2017 წლის დიდმარხვისათვის

 

წმიდა მამა ფრანცისკეს გზავნილი

2017 წლის დიდმარხვისათვის

 

“ღვთის სიტყვა ძღვენია. მეორე ადამიანი ძღვენია”

 

 

ძვირფასო ძმანო და დანო,

დიდმარხვა ახალი დასაწყისია, გზაა, რომელსაც საიმედო მიზნისკენ მივყავართ: აღდგომის პასექისაკენ, ქრისტეს სიკვდილზე გამარჯვებისაკენ. ეს ჟამი მუდამ ძლიერად მოგვიხმობს მოქცევისაკენ: ქრისტიანი მოხმობილია, დაუბრუნდეს ღმერთს „მთელი გულით“ (იოვ 2,12), არ დაკმაყოფილდეს საშუალო, უფერული ცხოვრებით, არამედ გაძლიერდეს უფალთან მეგობრობაში. იესო ერთგული მეგობარია, რომელიც არასოდეს გვტოვებს, რადგან, მაშინაც კი, როდესაც ვცოდავთ, მოთმინებით მოგველის, როდის დავუბრუნდებით მას, და ამ მოლოდინით გვივლენს, რომ სურს მოგვიტევოს (შდრ ჰომილია წმ. წირვაზე, 2016 წლის 8 იანვარი).

 

დიდმარხვა ხელსაყრელი ჟამია ჩვენი სულიერი ცხოვრების გასაძლიერებლად იმ წმიდა საშუალებების მიერ, რომლებსაც გვთავაზობს ეკლესია: მარხვა, ლოცვა და მოწყალება. ყოველივეს საფუძვლად ღვთის სიტყვა უდევს, რომლის უმეტესი სიბეჯითით მოსმენისკენა ვართ მოხმობილნი ამ პერიოდში. განსაკუთრებით მსურს შევჩერდე მდიდრისა და ღატაკი ლაზარეს იგავზე (შდრ ლკ 16,19-31). დავუგდოთ ყური ესოდენ მნიშვნელოვან გვერდს, რომელიც გვთავაზობს გასაღებს, იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ნამდვილი ბედნიერებისა და მარადიული სიცოცხლის მისაღწევად, გულწრფელი მოქცევისაკენ მოხმობით.

 

 

  1. მეორე ადამიანი ძღვენია, საჩუქარი

იგავი იწყება ორი მთავარი პერსონაჟის წარდგენით, თუმცა მხოლოდ ღატაკია აღწერილი დაწვრილებით: იგი იმყოფება უიმედო მდგომარეობაში და არ შესწევს ძალები წამოსადგომად, წევს მდიდრის კართან და ჭამს მისი სუფრიდან გადმოცვენილ მარცვლებს, მთელი სხეული წყლულებით აქვს სავსე და ძაღლები ულოკავენ მათ (შდრ. მუხლები 20-21). სურათი მუქია, დაცემულ და დამცირებულ ადამიანთან გვაქვს საქმე.

 

სურათი მეტ დრამატიზმს იძენს თუ გავითვალისწინებთ რომ ღატაკს ლაზარე ჰქვია, დაპირებებით სავსე სახელი, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ღმერთია შემწეა“. ამგვარად, ეს პერსონაჟი უსახელო, ანონიმური არაა, კარგად გამოკვეთილი ნაკვთები აქვს და წარმოგვიდგება როგორც ინდივიდი, რომელსაც პირადი ისტორია უკავშირდება. მაშინ, როდესაც მდიდრისათვის ის უჩინარია, ჩვენთვის იქცევა ნაცნობად და თითქმის შინაურად, იძენს სახეს; და, როგორც ასეთი, ხდება ძღვენი, საჩუქარი, აურაცხელი სიმდიდრე, ღმერთისგან სასურველი, საყვარელი, სამახსოვრო არსება, მაშინაც კი, თუკი მისი კონკრეტული მდგომარეობა სანაგვეზე გადაგდებული ადამიანისაა (შდრ ჰომილია წმიდა წირვაზე, 2016 წლის 8 იანვარი).

 

ლაზარე გვასწავლის რომ მეორე ადამიანი ძღვენია, საჩუქარი. ადამიანებთან სწორი ურთიერთობა მდგომარეობს მათი ფასეულობის მადლიერებით აღიარებაში. მდიდრის კართან მყოფი ღატაკი მომაბეზრებელი ტვირთი როდია, არამედ მოქცევისა და სიცოცხლის შეცვლისაკენ მოხმობა. პირველი რამ, რისკენაც გვიწვევს ეს იგავი, ესაა: გავუხსნათ გულის კარი მეორე ადამიანს, რადგან ყოველი ადამიანი ძღვენი ყოფილა, საჩუქარი, გინდ ჩვენი მეზობელი, გინდ უცხო ღარიბი. დიდმარხვა ხელსაყრელი ჟამია, რათა ყოველ გაჭირვებულს კარი გავუღოთ და მასშ – კაცი იქნება ის, თუ ქალი – ქრისტეს სახე ამოვიცნოთ. თითოეული ჩვენგანი საკუთარ გზაზე ვხვდებით მათ. ყოველი სიცოცხლე, რომელიც ჩვენს შესახვედრად მოემართება ძღვენია და იმსახურებს მიღებას, პატივისცემას, სიყვარულს. ღვთის სიტყვა გვეხმარება ავახილოთ თვალები, რათა შემოვუშვათ სიცოცხლე და შევიყვაროთ ის, განსაკუთრებით თუკი ის უძლურია. მაგრამ ამისათვის აუცილებელია სერიოზულად გავუსწოროთ თვალი იმასაც, რასაც სახარება გვიცხადებს მდიდრის შესახებ.

 

 

  1. ცოდვა გვაბრმავებს

იგავი ულმობლად აშიშვლებს მდიდრის წინააღმდეგობებს (შდრ მ. 19). ამ პერსონაჟს, ღატაკი ლაზარესაგან განსხვავებით, არა აქვს სახელი, დახასიათებულია როგორც „მდიდარი“. მისი განცხრომით ცხოვრება ვლინდება მის ტანსაცმელში, გადაჭარბებულ ფუფუნებაში. ძოწეული ძალზე ძვირად ფასობდა, ვერცხლზე და ოქროზე მეტად, ამიტომ ის ღვთაებებისთვის (შდრ იერ 10,9) და მეფეებისთვის (შდრ მსჯ 8,26) იყო განკუთვნილი. ბისონი იყო საგანგებო სელი, რომელიც ადამიანის მიხვრა-მოხვრას ანიჭებდა თითქმის საკრალურ ელფერს. მაშასადამე ამ კაცის სიმდიდრე გადაჭარბებულია, იმიტომაც, რომ ყოველდღიურად ჩვეულებად აქვს ქცეული მისით თავის მოწონება: „ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას“ (მ. 19). მასში მკვეთრად შეიმჩნევა ცოდვის ხრწნილება, რომელიც სამ მომდევნო მომენტში ხორციელდება: ვერცხლისმოყვარება, ამაოება და ამპარტავნება (შდრ ჰომილია წმიდა წირვაზე, 2013 წლის 20 სექტემბერი).

 

ამბობს პავლე მოციქული, რომ „ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა“ (1ტიმ 6,10). ისაა კორუფციის ძირითადი მოტივი და შურის, ჩხუბისა და ეჭვების წყარო. ფულს შეუძლია დაგვეუფლოს ჩვენ, იქცეს ტირან კერპად (შდრ სამოც. ექსჰ. Evangelii gaudium, 55). იმის ნაცვლად, რომ ჩვენს განკარგულებაში არსებულ იარაღად დარჩეს სიკეთის საკეთებლად და მეორე ადამიანთან თანადგომისათვის, ფულს ძალუძს იმ თავკერძობის ლოგიკის უღელში შეგვაბას ჩვენ და მსოფლიო, რომელიც აღარ გვიტოვებს სიყვარულის სივრცეს და აფერხებს მშვიდობას.

 

შემდეგ იგავი გვიჩვენებს, რომ სიხარბე მდიდარს აქცევს პატივმოყვარედ. მისი პიროვნულობა ხორციელდება გარეგნულში, სხვებისთვის იმის დანახვებაში, თუ რაზე მიუწვდება მას ხელი. მაგრამ გარეგნულობა ნიღბავს შინაგან სიცარიელეს. მისი სიცოცხლე გარეგნულის, არსებობის ყველაზე ზედაპირული და მსწრაფლწარმავალი განზომილების ტყვეა (შდრ იქვე, 62).

 

ამ ზნეობრივი დაქვეითების ყველაზე დაბალი საფეხურია ამპარტავნება. მდიდარი იმოსება, ვითომ მეფე იყოს, ბაძავს ღვთაების მიხვრა-მოხვრას და ავიწყდება რომ იგი უბრალო მოკვდავია. სიმდიდრეების სიყვარულით გახრწნილ ადამიანს სხვა არაფერი რჩება საკუთარი თავის გარდა, და ამიტომაც ხალხს, რომელიც მის გარშემო არიან, მისი მზერა ვერ სწვდება. ფულზე მიჯაჭვულობის ნაყოფი ერთგვარი სიბრმავეა: მდიდარი ვერ ხედავს მშიერ, დაწყლულებულ და განრთხმულ, დამცირებულ ღატაკს.

 

ამ პერსონაჟის შემყურე ადამიანი ხვდება იმას, თუ რატომ გმობს სახარება ასე ცალსახად ფულის სიყვარულს: „ვერავინ ემსახურება ორ ბატონს, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც“ (მთ 6,24).

 

 

  1. ღვთის სიტყვა ძღვენია, საჩუქარი

მდიდრისა და ღატაკი ლაზარეს სახარება გვეხმარება კარგად მოვემზადოთ მოახლოებული აღდგომისათვის. ნაცრისყრის ოთხშაბათის მსახურება გვიწვევს განვიცადოთ ის, რასაც მდიდარი გადის ძალზე დრამატული სახით. მღვდელი თავზე ნაცრის დაყრით იმეორებს სიტყვებს: „გახსოვდეს, მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“. მდიდარი და ღატაკი ხომ ორივე კვდებიან და იგავის მთავარი ნაწილი საიქიოში ხდება. ორივე პერსონაჟი მოულოდნელად აღმოაჩენენ, რომ „არაფერი მოუტანიათ ამქვეყნად და ვერც ვერაფერს წაიღებენ“ (1ტიმ 6,7).

 

ჩვენი მზერის წინაშეც იშლება საიქიო, სადაც მდიდარი ხანგრძლივ საუბარშია აბრაამთან, რომელსაც „მამას“ უწოდებს (ლკ 16,24.27), რითაც ავლენს, რომ ღვთის ერის წევრია. ეს კი მის ცხოვრებას კიდევ უფრო წინააღმდეგობრივს ხდის, რადგან აქამდე არაფერი თქმულა მის ურთიერთობაზე ღმერთთან. მართლაც, მის ცხოვრებაში ღმერთს ადგილი არა ჰქონია, რაკი თავისი ერთადერთი ღმერთი თავად იყო.

 

მხოლოდ საიქიოს სატანჯველშია რომ მდიდარი ამოიცნობს ლაზარეს და სურს, რომ ღატაკმა შეუმსუბუქოს მას სატანჯველი ცოტაოდენი წყლით. იმავეს ითხოვს ლაზარესაგან, რისი გაკეთებაც თავად შეეძლო მანამდე, და რაც არასოდეს გაუკეთებია. აბრაამი კი პასუხობს: „შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი ბოროტება; ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები“ (მ. 25). საიქიოში აღდგება ერთგვარი სისწორე და ცხოვრების ბოროტება წონასწორდება სიკეთით.

 

იგავი გრძელდება და წარმოგვიდგენს გზავნილს ყველა ქრისტიანისათვის. მართლაც, მდიდარი, რომლებმაც ამქვეყნად ძმები დატოვა, სთხოვს აბრაამს, გასაფრთხილებლად მიუვლინოს მათ ლაზარე; რაზეც აბრაამი პასუხობს: „ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ“ (მ. 29). და მდიდრის შეპასუხებაზე დასძენს: „თუკი მოსესა და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან“ (მ. 31).

ამგვარად სააშკაროზე გამოდის მდიდრის მთავარი პრობლემა: მისი უბედურების ფესვია ის, რომ იგი არ უგდებდა ყურს ღვთის სიტყვას; ამან კი გამოიწვია ის, რომ მან ღმერთი აღარ შეიყვარა და შესაბამისად აბუჩად აიგდო მოყვასი. ღვთის სიტყვა ცოცხალი ძალაა, რომელსაც შესწევს უნარი აღძრას ადამიანთა გულებში მოქცევა და ახლიდან მიმართოს ადამიანი ღმერთისკენ. ჩვენთან მოსაუბრე ღმერთის ნიჭზე გულის დახურვას შედეგად მოსდევს იმ ძღვენზე გულის დახურვა, რომელსაც წარმოადგენს მოყვასი.

 

ძვირფასო ძმანო და დანო, დიდმარხვა ხელსაყრელი ჟამია ქრისტესთან შეხვედრით განსაახლებლად, ქრისტესთან, რომელიც ცოცხლობს თავის სიტყვაში, საეკლესიო საიუდმლოებში და მოყვასში. უფალი – რომელმაც უდაბნოში გატარებული ორმოცი დღის განმავლობაში დაამარცხა მაცდურის ხრიკები – მიგვითითებს გასავლელ გზას. წმიდა სული გაგვიძღვეს მოქცევის ნამდვილ გზაზე, რათა აღმოვაჩინოთ ღვთის სიტყვის ძღვენი, საჩუქარი, განვიწმინდოთ ცოდვისაგან, რომელიც გვაბრმავებს და ვემსახუროთ ქრისტეს, რომელიც გასაჭირში მყოფ მოყვასშია. შევაგულიანებ ყველა მორწმუნეს, გამოხატონ ეს სულიერი განახლება ასევე იმ სადიდმარხვო ღონისძიებებში მონაწილეობით, რომლებსაც მრავალი საეკლესიო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უდგას სათავეში, რათა გაიზარდოს და გაძლიერდეს ერთ საკაცობრიო ოჯახში შეხვედრის კულტურა. ვილოცოთ ერთმანეთისთვის, რათა ქრისტეს გამარჯვების მონაწილეთ, შეგვეძლოს გავუღოთ კარი უძლურსა და ღარიბს. მაშინ შევძლებთ აღდგომის სიხარულის სისავსით განცდასა და დამოწმებას.

 

ვატიკანიდან, 2016 წლის 18 ოქტომბერი

წმ. ლუკა მახარებლის დღესასწაული

ფრანცისკე