2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს კარიტასმა „დედათა და ბავშვთა თავშესაფარი“ გახსნა

 

2017 წლის 3 თებერვალს, საქართველოს კარიტასმა ახალი პროექტი – „დედათა და ბავშვთა თავშესაფარი“ ოფიციალურად გახსნა. პროექტის მიზანია, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი მშობლების დახმარება; ბავშვების უსაფრთხო, არაძალადობრივ და ოჯახურ გარემოში აღზრდა; ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბიოლოგიური ოჯახების გაძლიერება. ამჟამად ცენტრი ემსახურება 16 ბენეფიციარს: 7 დედას და 9 ბავშვს. ცენტრში შესაძლოა ერთდროულად 20 ბენეფიციარის მომსახურება.

ცენტრი მთლიანად განახლდა და აღიჭურვა “კინდერმისიონსვერკის” (კათოლიკური ეკლესიის ორგანიზაცია გერმანელი ბავშვების დასახმარებლად) დაფინანსებით. პროექტის ოპერაციული ნაწილი, ნაწილობრივ დაფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ (43%) და საქართველოს კარიტასის დონორების მიერ (57%).

თავშესაფარი სხვადასხვა პრობლემის მქონდე დედებს, 10 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად, 24 საათიანი საცხოვრებლით, უსაფრთხო გარემოთი, საკვებით, ტანსაცმლით, ჰიგიენური ნივთებით, ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურებით უზრუნველყოფს. აგრეთვე, ხელს უწყობს ბენეფიციარების პროფესიულ და არაფორმალურ განათლებას.

პროექტის გახსნის ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების, არასამთავრობო  და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მისასალმებელი სიტყვისა და პროექტის წარდგენის შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ „დედათა და ბავშვთა თავშესაფარი“ და ენახათ საქართველოს კარიტასის ბენეფიციარების მიერ შესრულებული წარმოდგენა.