ინტერვიუ ნიკოლოზ არეშიძესთან: კარიტასი არის შანსი

2016 წლის 23-დან 26 მაისის ჩათვლით საქართველოს კარიტასის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საფრანგეთის ქალაქ ლურდში, ევროპის კარიტასის რეგიონალურ კონფერენციაზე. წარმომადგენლებს შორის იყო საქართველოს კარიტასის ერთ-ერთი ბენეფიციარი, ნიკოლოზ არეშიძე. გთავაზობთ ინტერვიუს ნიკოლოზთან:

ნიკოლოზ, როგორც ვიცით შენ პირველად იმყოფებოდი საფრანგეთში, გაგვიზიარე შენი შთაბეჭდილებები.

დიახ, მე პირველად ვიყავი საზღვარგარეთ და პირველად გამოვცადე თვითმფრინავით მგზავრობა, რაც ჩემთვის სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა. საფრანგეთში მოვინახულე ლურდი და პარიზი. ამ ქალაქებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  კონფერენციის განმავლობაში ვლაპარაკობდი ინგლისურად, რაც დამეხმარა ენის გაუმჯობესებაში. ეს გამოცდილება გამომადგება ჩემი სამომავალი გეგმების განხორციელებაში.

საქართველოს კარიტასის ბენეფიციარებს შორის, შენ აგირჩიეს ლურდში გასამგზავრებლად. როგორ ფიქრობ, რითი დაიმსახურე ეს პატივი?

ვფიქრობ, მთავარი მიზეზი არის ის, რომ მე კარგად ვსწავლობ. გაცნობიერებული მაქვს, რომ სწავლით დიდ წარმატებას მივაღწევ. გარდა ამისა, საქართველოს კარიტასის არაერთი წარჩინებული ბენეფიციარი გაემგზავრა საზღვარგარეთ, რაც ჩემი თანატოლებისთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.

კათოლიკური სამყარო კარგად იცნობს საფრანგეთის ულამაზეს ქალაქ ლურდს. შენ რას გვეტყოდი ამ ქალაქზე?

ლურდი არის საფრანგეთის პატარა, ლამაზი და მშვიდი ქალაქი. გამგზავრებამდე ინტერნეტის საშუალებით მოვიძიე მასზე ინფორმაცია, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ლურდი საკმაოდ ცნობილია კათოლიკური სამყაროსთვის. 1858 წლიდან ქალწული მარიამის გამოცხადების შემდეგ, ქალაქს მილიონობით მომლოცველი სტუმრობს.  ყველაზე გამორჩეული ადგილი არის ისტორიული ციხე, რომელიც კლდეზე მდებარეობს. ლურდში ყველაფერი დაკავშირებულია რწმენასთან და სწორედ ამან მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება.

როგორც ვიცით 2 წელში შენ მოგიწევს კარიტასის პროგრამიდან გასვლა, შეცვალა თუ არა ამ მოგზაურობამ შენი გეგმები?

ამ მოგზაურობამ მთლიანად არ შეცვალა ჩემი გეგმები, მაგრამ მომცა დიდი მოტივაცია, რომ უფრო მეტად ვიმუშაო საკუთარ თავზე.  სწავლის გაგრძელებას ვაპირებ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივესიტეტში მათემატიკის ფაქულტეტზე. მე უფრო მეტად ვიშრომებ, რომ მივაღწიო საკუთარ მიზნებს და შევძლო მოგზაურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

როდის აღმოჩნდი კარიტასის მზრუველობის ქვეშ? მოკლედ მოგვიყევი კარიტასში შენს გატარებულ პერიოდზე. რა ისწავლე? რა გამოცდილება მიიღე?

საქართველოს კარიტასში 2005 წელს მივედი და ვცხოვრობ მცირე საოჯახო ტიპის სახლში დაახლოებით თერთმეტი წელია. თეორიული განათლების გარდა, კარიტასის დღის ცენტრში, სხვადსხვა სემინარებისა და გაკვეთილების საშუალებით შევისწავლე მინანქრის დამზადება, ხეზე და სპილენძზე მუშაობა. აგრეთვე კარგად ვთამაშობ ფეხბურთს და ვცეკვავ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს. კარიტასში ვურთიერთობ სხვდასხვა საინტერესო ადამიანთან და ვიღებ ყოველდღიური ცხოვრების დიდი გამოცდილებას. აქ  გამოვცადე მეგობრობა და მზრუნველობა. ჩემი ცხოვრება კარიტასის გარეშე წარმოუდგენელია, რადგან კარიტსმა მომცა სწორი მიმართულება ცხოვრებაში და მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც გვერდში მიდგას.

რას ნიშნავს შენთვის საქართველოს კარიტასი?

ჩემთვის კარიტასი არის შანსი. შანსი, რომელიც იშვიათად ეძლევა ადამიანს. საქართველოს კარიტასი ზრუნავს ჩემზე, უზრუნველყოფს ჩემს განათლებას, ცხოვრებას და მაძლევს მოტივაციას, რომ მივაღწიო მიზნებს. ის ეხმარება ადამიანს, აჩვენებს სწორ გზას და რაც ყველაზე მთავარია, კარიტასი უზიარებს საზოგადოებას სიყვარულს.