2018 წელს საქართველო უმასპინძლებს კარიტას ევროპის რეგიონალურ კონფერენციას

2016 წლის 23-დან 26 მაისის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ ლურდში ჩატარდა კარიტას ევროპის რეგიონალური კონფერენცია. კონფერენციას დაესწრო 46 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის იყვნენ საქართველოს კარიტასის წევრებიც.

კარიტას ევროპის რეგიონალურ კონფერენციაზე, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა 300-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ესენი იყვნენ კარიტასის მოხალისეები, ბენეფიციარები და მთავრობის წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი თემები იყო ევროპაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა, სოლიდარობა და სოციალური ჩართულობა. ასევე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ოჯახი და ბავშვთა სიღარიბე, უკიდურესად გაჭირვებული და  სოციალურად დაუცველი ადამიანები, ეკონომიკა, მიგრაცია და თავშესაფარი.

„ევროპა საჭიროებს ახალ დასაწყისს, ახალ პან-ევროპულ პროექტებს, რომელიც დაეფუძნება სოლიდარობას, ერთობასა და ღირსებას,“ განაცხადა ევროპის კარიტასის პრეზიდენტმა, მონსინიორ ლუკ ვან ლუიმ.

რეგიონალურ კონფერენციაზე, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ევროპის საბჭოს როლის გაძლიერება, რათა ეფექტურად მოხდეს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა და სოციალური უფლებების დაცვა. მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გაერთიანება და საერთო ძალისხმევით მიმდინარე სოციალურ სირთულეებთან ბრძოლა.

„არაჩვეულებრივი იყო ასობით ადამიანის დანახვა ლურდში, რომლებიც შეიკრიბნენ კარიტასისა და მისი ხედვის (ერთიანი ევროპა, რომლის გულშიც ადამიანია) გარშემო. ყველა მონაწილემ, მათ შორის სიღარიბეში მყოფმა ადამინებმა, გამოხატა აზრი იმის შესახებ თუ რაოდენ დიდი სურვილი აქვთ იმუშაონ საერთო პრობლემებზე და განაახლონ სოლიდარობა ევროპაში,“ განაცხადა ევროპის კარიტასის ვიცე პრეზიდენტმა, ბ-მა ბერნარდ ტიბაუმ. [1]

ლურდში გადაწყდა, რომ  2018 წლის ევროპის კარიტასის რეგიონალური კონფერენცია საქართველოში ჩატარდება. ეს იქნება პირველი ევროპული კონფერენცია, რომელსაც გამართავს საქართველოს კარიტასი. 2018 წლის ევროპის კარიტასის რეგიონალურ კონფერენციაზე საქართველოში ჩამოვლენ 46 ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები და განიხილავენ სიღარიბისა და უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველ გზებს. კონფერენციის განმავლობაში მონაწილეებსა და ლიდერებს, სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.

 

[1] http://www.caritas.eu/news/regional-conference-pope-francis-dream-of-europe-can-be-reality