• caritas-georgia@caritas.ge
  • (+995 32) 2217819, 2251387
ქველმოქმედება არ ნიშნავს "გაცემას", ქველმოქმედება "ერთად ყოფნას" ნიშნავს.

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურება

Home / ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურება

სერვისის ბენეფიციარები არიან 5-18 წლამდე ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან/და მუშაობენ ქუჩაში და რისკის ჯგუფის ბავშვები.

 

მიზანი: ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გამოვლენა და გრძელვადიან სერვისებში განთავსება, როგორიცაა მიმღები ოჯახები ან მცირე საოჯახო ტიპის სახლები; ბავშვების სასიცოცხლო საჭიროებებით უზრუნველყოფა, ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან სხვა გრძელვადიან სერვისებში განთავსება.

 

მობილური ჯგუფები

ნდობის მოპოვების შემდეგ, მობილური ჯგუფის წევრები (მძღოლი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და თანასწორგანმანათლებელი) ახდენენ ბავშვის მდგომარეობას შეფასებას, უწევენ ბავშვს ყველა შესაძლო სახის დახმარებას  და სთავაზობენ ცენტრში არსებულ სხვადასხვა სერვისებს. მობილური ჯგუფის მუშაობის ამოცანაა, მოხდეს ბავშვის ქუჩიდან განრიდება და მისი დღის ცენტრის აქტივობებში ჩართვა. სხვა შემთხვევებში, მობილური ჯგუფის წევრები აგრძელებენ მუშაობას ბავშვებთან ქუჩაში, ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს: ასწავლიან ბავშვებს წერა-კითხვას, აწვდიან ინფორმაციას ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაზე, სხვადსხვა დაავადებებზე და მავნე ნივთიერებების გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით გავლენაზე, ორგანიზებას უწევენ სპორტულ და გასართობ აქტივობებს.

 

დღის ცენტრი და ღამის თავშესაფარი ქ. თბილისში და ქ.რუსთავში

ცენტრში ბავშვების მიღება/ჩარიცხვა ხდება, როგორც მობილური ჯგუფის და პოლიციის  მომართვის, აგრეთვე  ბავშვის სურვილისამებრ. დღის ცენტრში და ღამის თავშესაფარში არსებული სერვისების მეშვეობით, ბავშვებს აქვთ საშუალება: მიიღონ შხაპი და გაირეცხონ სამოსი, მიიღონ სეზონური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, უზრუნველყოფილნი იყვნენ ცხელი საკვებით. პროფესიონალი ფსიქოლოგის დახმარების მეშვეობით, ბენეფიციარები სწავლობენ საკუთარი ემოციების მართვას, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას სწორი კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამოყენების მეშვეობით. ასევე, ცენტრში ბავშვები სწავლობენ საზოგადოებაში მიღებულ ქცევის ნორმებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გარდა, ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის აუცილებლობაზე, მავნე ნივთიერებების გამოყენებით ჯანმრთელობაზე მიყენებულ უარყოფით გავლენაზე და სხვადასხვა დაავადებებზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვების სწავლას და განვითარებას. ისინი სწავლობენ წერა-კითხვას, ელემენტარულ მათემატიკას. ხდება მათი ჩართვა ინკლუზიური განათლების სისტემაში.  ბავშვები ღებულობენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიებზე, ასევე ეუფლებიან პროფესიულ უნარ-ჩვევებს ცენტრში არსებულ სახელოსნოებში. ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოსამზადებლად, სოციალური და სასიცოცხლო უნარჩვევებით აღჭურვის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებები. მოზარდები სწავლობენ თავისუფალი დროის აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას: მონაწილეობენ სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში.

ბავშვები და მოზარდები ღებულობენ დახმარებას პირადობის დამადასტურებელი საბუთების მიღებაში.   ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების გარდა, სერვისის ფარგლებში ხდება იმ ბავშვების დახმარება, რომლებიც ყველა სახის საშიშროების და ძალადობის რისკის წინაშე დგანან. წლის განმავლობაში, თბილისის  და რუსთავის სერვისით სარგებლობს, 500-მდე ბავშვი და მოზარდი.

 

პარტნიორები: „კარიტას გერმანია“, საქართველოს მთავრობა, ლიბერთი ბანკი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  (GWP)

ადგილმდებარეობა: დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარი „ჩემი სახლი

მანჯგალაძის ქ. 59, ქ. თბილისი

                               დღის ცენტრი და მასთან არსებული სადღეღამისო თავშესაფარი „თბილი სახლი

ფალიაშვილის ქ. N 18 სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ქ. რუსთავი